Coca-Cola-ს რუსეთის ოპერატორი კომპანია ალტერნატივას ეძებს

Coca-Cola HBC-მ, რომელიც რუსეთში ოპერირებს, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, ადრეულ ვაჭრობაზე მისი აქციები 7%-ით დაეცა. თუმცა რუსეთ-უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის კომპანიას საგანგებო პრევენციული გეგმები აქვს, რა გაკვეთილიც მან 2014 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოცდილებიდან ისწავლა.

Coca-Cola HBC განიხილავს ინგრედიენტების მომარაგებას, რომ რუსეთში რაიმე შეფერხება თავიდან აირიდოს მას შემდეგ, რაც მოსკოვის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების გამო, დასავლური ქვეყნები ახალი სანქციებით დაემუქრნენ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული Coca-Cola HBC ევროპის 29 ქვეყანაში, აფრიკასა და რუსეთში ოპერირებს. კომპანია რუსეთსა და ნიგერიას თავის ორ უდიდეს ბაზრად მიიჩნევს. გამაგრილებელი სასმელების ჩამომსხმელი კომპანიის წლიური მოგების ზრდა, გარკვეულწილად, რუსულმა ბაზარმა განაპირობა.

„ჩვენ ყველა გაუთვალისწინებელი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის, გვაქვს ალტერნატიული წყარო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სწრაფად ვიმოქმედოთ,“ - განუცხადა Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზორან ბოგდანოვიჩმა.

მისი თქმით, Coca-Cola HBC-ის თავის ბაზრებზე მარაგების აუცილებელი დონე აქვს, რომ ნებისმიერი შეფერხება აირიდოს.

Coca-Cola HBC-ის წლიურმა მოგებამ ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა, რაც დაბალი შემცველობის შაქრისა და ენერგეტიკულ სასმელებზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამასთან, COVID შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი ადამიანი სადილობდა გარეთ.

კომპანია ამერიკული გიგანტის, Coca-Cola-ს გამაფრილებელი სასმელების ჩამოსხმა-გაყიდვისთვის ადგილობრივ ფრენჩაიზებს ფლობს. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაშია, რომელშიც თავად ამერიკელების წილი, დაახლოებით 23%-ია.

Coca-Cola HBC-ის მონაცემებით, 31 დეკემბერს დასრულებული წლის საოპერაციო მოგება, თითქმის, 24%-ით გაიზარდა და 831 მლნ ევროს (939 მლნ დოლარს) მიაღწია, რამაც კომპანიის 797,6 მლნ ევროს პროგნოზს გადააჭარბა. ბიზნესის აღდგენის ყველა ძირითადმა მაჩვენებელმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. თუმცა კომპანია ინფლაციურ წნეხს წააწყდა.

Coca-Cola HBC-ის მონაცემებით, განვითარებადი ბაზრებიდან შემოსავალი, მუდმივ ვალუტაში, 27%-ით გაიზარდა. ნიგერია, რუსეთი და უკრაინა ძლიერ იმპულსს ავლენენ. კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ბენ ალმანზარმა რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანია ნედლეულის ალტერნატიულ წყაროს განიხილავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ