„ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს“ - რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე

„თანხობრივად ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს“,- ასეთია „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზი საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სავარაუდოდ, 2022 წელს საქართველოს პროდუქტებსა და მომსახურებაზე უკრაინიდან მოთხოვნა 30%-ით, ხოლო რუსეთიდან 10%-ით შემცირდება.

„ჩვენთვის ეს როგორც გზავნილების, ისე ტურიზმის და ექსპორტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შედარებით მცირე წილი აქვს ამ ორ ქვეყანას. რომ შევადაროთ, 2022 წელს ჩვენი ჯამური სავალუტო შემოსავლების დაახლოებით, 20% მოდიოდა ამ ორ ქვეყანაზე (დაახლოებით 2/3 რუსეთის წილი). თუმცა აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იგივე ექსპორტში შედარებით მაღალი იმპორტის წილი. იგივე უკრაინაში მანქანების ექსპორტი ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა, რაც რეალურად რეექსპორტია, ჩვენ არ ვაწარმოებთ მანქანებს და ის თანხა, რომელიც ამ ექსპორტიდან რჩება, შედარებით მცირეა. სამწუხაროდ, ღვინის შემთხვევაშიც ასეა, იმიტომ, რომ დაბალ მარჟიანი ბაზარია, აქ რეალურად არის იმპორტი, იგივე ბოთლი ეტიკეტი, საცობი და ა.შ.

ზოგადად, რთულია ზუსტ სცენარზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნა ფართომასშტაბიანი, მაგრამ შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი, ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ჩვენი პროგნოზია, რომ დაახლოებით, 10%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა წელს და დაახლოებით, 1-1,5%-ით რუსეთის ეკონომიკა. ასევე რუბლის გაუფასურება იქნება დაახლობით, 15%, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და გრივნას შემთხვევაში გაუფასურება გვაქვს დაშვებული დახლოებით, 30%-40%-ით.

როგორც ჩვენ შევაფასეთ და დავითვალეთ ასევე წინა კრიზისების ზეგავლენა, 2014-16 წლებს თუ შევადარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია სასაქონლე პროდუქტების ფასები, ასევე, ნავთობის ფასი, რომელიც არ მცირდება, პირიქით, იზრდება და მეორე, ბუნებრივია სხვადასხვა სასაქონლე პროდუქტებით რუსეთზე დამოკიდებულია უკრაინა, მათი ექსპორტი. ამის გათვალისწინებით, ასეთ სცენარში და ისეთ ვითარებაში, როდესაც წინა კრიზისებისგან განსხვავებით სხვადასხვა სასაქონლე პროდუქტებზე ფასების ვარდნა არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 30%-ით შემცირდება მოთხოვნა ჩვენ საქონელსა და მომსახურებაზე (აქ ტურიზმს და გზავნილებსაც ვგულისხმობ) უკრაინიდან, ხოლო დაახლებით 10%-ით რუსეთიდან. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად ნეგატიურ ზეგავლენას რეგიონზე და თანხობრივად, ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს. ხაზს გავუსვამ, არა 2021 წელთან შედარებით, არამედ იმ შემოსავალთან შედარებით, რაც ჩვენ 2022 წელს უნდა მიგვეღო“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ნინი ქეთელაური