ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებიც ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ

ამერიკული სანქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის ოჯახის წევრებს შეეხო, რომლებზეც ოფიციალური პირები თავიანთ ქონებას აფორმებენ. ფიზიკური პირების ეს სია აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რასაც უკრაინული პორტალი „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

სიაში შედის „ВТБ“ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დენის ბორტნიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟია. ასევე, Promsvyazbank-ის მმართველი, პიოტრ ფრადკოვი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, მიხეილ ფრადკოვის ვაჟია. შემდეგი არის VK Group-ის (VKontakte) აღმასრულებელი დირექტორი, ვლადიმირ კირიენკო. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვაჟია. მამამისი რუსეთში საშინაო პოლიტიკის კურატორად ითვლება.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ ბანკები Vnesheconombank (VEB) და Promsvyazbank, თავიანთი 42 შვილობილი კომპანიით.

განცხადებში წერია, რომ VEB-ს რუსეთში ინვესტიციების მისაზიდად გადამწყვეტი როლი აკისრია, ხოლო Promsvyazbank თავდაცვის სექტორს აფინანსებს. სანქციების შედეგად, ვერცერთი ბანკი შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვეღარ აწარმოებს და აშშ-ს ფინანსური სისტემისგან ჩაიხსნებიან. ასევე, აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი მათი ყველა აქტივი დაუყოვნებლივ გაიყინება. აშშ-ს ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს ამ დაწესებულებებთან ბიზნესწარმოება ეკრძალებათ, თუკი მათ სპეციალური უფლებამოსილება არ აქვთ.

VEB, თავისი 53 მლრდ დოლარის აქტივების პორტფელით, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ტოპ 5-ეულშია. VEB-ს რუსეთის ფინანსურ სისტემაში უნიკალური როლი აკისრია და ფედერაციის სუვერენულ ვალს ემსახურება. ასევე, 20 მლრდ დოლარზე მეტი სასესხო პორტფელით, საინვესტიციო პროექტებსა და ექსპორტს აფინანსებს.

Promsvyazbank რუსეთის მერვე უდიდესი ბანკია, რომელიც რუსეთის თავდაცვის კონტრაქტების, დაახლოებით, 70%-ს აფინანსებს და რუს სამხედროებს საბანკო მომსახურებას უწევს.

გარდა ამისა, სანქციები სუვერენული ვალის ოპერაციებზეც დაწესდა, რაც რუსეთის მიერ სახსრების მიზიდვის ძირითად მეთოდს მნიშვნელოვნად ბლოკავს. ეს ზომა რუსეთის სახელმწიფო რესურსებს დააწვება და ფინანსების მართვის უნარს დიდ რისკს შეუქმნის.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის შეზღუდვები, ასევე, შეეხება ყველა სასესხო ობლიგაციას, რომელიც 1 მარტის შემდეგ გამოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ