აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 108 მლნ დოლარს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კლაუს გერჰაუზერს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4"-ის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის 108 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში (IV ტრანში) დაგეგმილია ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება როგორებიცაა ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა.  2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელმოწერილი "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებით, (FFA- 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი) გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელება ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

FFA-ის ფარგლებში ამჟამად უკვე გამოყოფილია 3 ტრანში, ჯამურად დაახლოებით 218 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი სამუშაოებისთვის: I ტრანში: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, ასევე წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა;

II ტრანში: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციისთვის;

III ტრანში: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობისთვის.