პარლამენტი "საინვესტიციო სააგენტოს" მთავრობის კონტროლქვეშ გადასვლის საკითხს განიხილავს

მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო" მთავრობის კონტროლის ქვეშ გადადის და წელიწადში ორჯერ მის მიმართ ანგარიშგება ევალება.

სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას ამჟამად კოორდინაციას უწევს და მასზე ზედამხედველობას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ნიშნავს სააგენტოს დირექტორს. ეს უფლებამოსილება ახლა მთავრობის კომპეტენციაში, ხოლო დირექტორის მოხსნა-დანიშვის უფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. ამ ყველაფერს "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. პროექტის განხილვა პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

სააგენტოს ახალი ფუნქციები ენიჭება. კერძოდ, სააგენტოს კომპეტენციას საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის ფუნქცია ემატება. აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილი იქნება საინვეტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვოს და მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, მთავრობას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები წარუდგინოს. ამასთან, სააგენტოს ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ადგენს საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ყოველთვიური ანგარიშგების ვალდებულებას. ასევე სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა განისაზღვრა.

"საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" ახალი კანონის მიღება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას ახდენს, სააგენტოსთვის მონიტორინგის და კვლევის ფუნქციების დამატების გამო. კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 29 ერთეულს შეადგენს, ახალი ფუნქციების დამატების გამო, კადრები 38 საშტატო ერთეულამდე გაიზრდება. 2015 წლისათვის სააგენტოს წლიური თანამდებობრივი სარგო 571 800 ლარს შეადგენს, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით, თანამდებობრივი სარგო 156 000 ლარით გაიზრდება და 727 800 ლარს გაუტოლდება. გარდა ამისა, გასულ 2014 წელს კვლევებისათვის დაგეგმილი ხარჯი 730 000 ლარს შეადგენდა, რაც 2015 წლისათვის 1 000 000 ლარს გაუტოლდება, ანუ 270 000 ლარით გაიზრდება.