ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედ შუამავალ  კომპანიებში ფინანსური პოლიცია  შევიდა

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე კომპანიის მიმართ.

"ხდება კომპანიების საქმიანობის სრულად შესწავლა. ეს კომპანიები ძირითადად შუამავალ რგოლს წარმოადგენენ ნავთობმომწოდებლებსა და საცალო ბაზარს შორის. ამ ნავთობკომპანიების მიერ იმპორტირებული საქონლის საცალო ბაზარზე მიწოდება ხდებოდა”,-აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ათამდე კომპანიის მიმართ 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს. ამ კომპანიებს შორისაა ”ბინული 1”, ”უნიგრუპი”, ”ითიაი”, ”ინტერპლუსი”, შპს ”პორტალი” და ”ელ ოილი”.

ცნობისთვის, ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ შუამავალ კომპანიებზე ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და დასძინა, რომ მათ საქმიანობას კონკურენციის სააგენტო სწავლობს.