სემეკი: იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა კომისიის რეგულირებას არ ექვემდებარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა იურიდიული პირებისთვის კომისიის რეგულირებას არ ექვემდებარება.

ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განმარტებით, კომისიის რეგულირებაში შედის ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების დადგენა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ "ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა იურიდიული პირებისათვის (კომერციული სექტორი) დერეგულირებულია, ანუ არ ექვემდებარება კომისიის რეგულირებას, შესაბამისად კომისიის რეგულირებაში შედის ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების დადგენა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის", - აცხადებენ სემეკ-ში.

რაც შეეხება, ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ტარიფის შესაძლო ცვლილებას, კომისია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომისიაში სატარიფო განაცხადი შესული არ არის.

"ამასთანავე, თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის ცვლილება ცალსახად არ გამოიწვევს და არ ნიშნავს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას. საყოფაცხოვრებო ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. ტარიფის გაანგარიშებისას შესაძლებელია მისი რომელიმე კომპონენტის ცვლილება, რაც ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას. აქვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში კომისიის საჯარო სხდომის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება. 5 თებერვალს კომისიაში გაიმართა საჯარო სხდომა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში არ იყო მოცემული "ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფასების ზრდის შეჩერების" შესახებ საკითხი. კომისიის საჯარო სხდომის დღის წესრიგი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gnerc.org ქვეყნდება საჯარო სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღით ადრე. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წინასწარ გაეცნოს კომისიის მიერ კონკრეტულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ინფორმაციას", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 5 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი.