აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2015 წელს 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოს მიერ 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თაობაზე ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა გააკეთა. "საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იყო. ჩვენი, აზიის განვითარების ბანკის გათვლებითაც, პროგნოზი 5% იყო. როგორც ჩანს, წინასწარი მონაცემებით, 4.7%-იან ზრდის მაჩვენებელზე გავიდა ქვეყანა, რაც დაშვებების ადეკვატურია. რეგიონში მოვლენათა განვითარებას თუ შევადარებთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. რამდენიმე ქვეყანაში, მეზობელი სომხეთის ჩათვლით, ხსენებულმა მოვლენებმა უფრო მეტი გავლენა იქონია. ყოველივე ამას განაპირობებდა რუსეთში განვითარებული მოვლენები, ექსპორტ-იმპორტის და გაცვლითი კურსის კუთხით მომხდარი ცვლილებები. ზოგადად, საქართველოს მიღწევები ძალიან კარგია და მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფრო მაღალი ზრდის ნიშნულს მიაღწიოს და სტაბილურად განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა 2015 წლის განმავლობაშიც. ჯერ ძალიან ნაადრევია საბოლოო პროგნოზის დაფიქსირება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი რთული პერიოდი გამოდგა. თუმცა, ამის მიუხედავად 4.7% იყო 2014 წელს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. საფუძვლად ამ მაჩვენებლის აღება კარგია. ამ პროგნოზის მიღწევა რეალურია, თუ მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება წლის დარჩენილ 10 თვეში. ეს შეიძლება ძალიან მიახლოებული აღმოჩნდეს ფაქტიურ მაჩვენებელთან. სწორად ამას გაცილებით უკეთ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები გვეცოდინება", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.