გორის მერიასთან მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

გორის მერიასთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეეები გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობას აპროტესტებენ და მერიისგან ვითარების დარეგულირებას ითხოვენ. ორი წლის წინ გორის ცენტრალური ბაზრის ლიკვიდაციის შემდეგ მოვაჭრეთა დიდი ნაწილი, ქალაქში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე გადანაწილდა. თუმცა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დღემდე რჩებიან. მერიასთან შეკრებილების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ქალაქის სხვა ბაზრებზე ვაჭრობას ხელს უშლის.

"მოვაჭრეთა უმრავლესობას კრედიტი გვაქვს გამოტანილი. ჩვენ დავემორჩილეთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და სხვადასხვა ბაზრებზე გადავედით. თუმცა, მთავრობამ ვერ შეძლო გარევაჭრობის აღკვეთა. ამ ტერიტორიაზე სრული ანტისანიტარიაა და გარემოვაჭრეები გადასახადებსაც არ იხდიან. მოვითხოვთ მერიისგან, ან აიკრძალოს გარევაჭრობა, ან იძულებული გავხდებით, სხვადასხვა ბაზრებიდან ჩვენც ქუჩაში გამოვიდეთ და გარე ვაჭრობა გავმართოთ", - აცხადებენ გორის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები.

გორის მერის განცხადებით კი, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ხელისუფლებას აღნიშნული ობიექტის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გააჩნია.  ,,ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ულტიმატუმით მოვიდნენ და ითხოვენ ისეთი ნებართვის მიცემას, რისი უფლებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ პრეტენზიები აქვთ ობიექტის მეპატრონესთან, სწორედ მასთან უნდა სცადონ ურთიერთობის გარკვევა. ჩვენ ნამდვილად ვერ მივცემთ გარე ვაჭრობის ნებართვას, მით უფრო, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ობიექტი, სადაც გორის ცენტრალური ბაზარი იყო განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოვაჭრეთა ამ შეკრების უკან, გარკვეული დაინტერესებული პირები ან ძალები იდგნენ", - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.