„ხანჯალი რუსული ბანკების გულში“ – SWIFT-ში დაბლოკვით რუბლი „შავი ორშაბათის“ მოლოდინშია

„გადახდის სისტემა SWIFT-ში შერჩეული რუსული ბანკების დაბლოკვის შესახებ დასავლელი მოკავშირეების გადაწყვეტილება რუსეთს დამღუპველ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს,“ - წერს Reuters.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს, ასევე, „მეტად მტკივნეული იქნება დასავლური კომპანიებისა და ბანკებისთვის, ამიტომ მოკავშირეებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი“.

Reuters-ის შეფასებით, რუსულ ბანკებს, რომლებმაც SWIFT-ზე წვდომა დაკარგეს, საერთაშორისო დონეზე და თუნდაც მეგობარ ჩინეთში, კოლეგებთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ, რაც ვაჭრობას შეანელებს და ტრანზაქციებს გააძვირებს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სერგეი ალექსაშენკო, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მოელის, რომ ზემოქმედება დამანგრეველი იქნება რუსეთის ეკონომიკისა და ბაზრისთვის. მისი თქმით, ორშაბათს, როცა ბაზრები გაიხსნება, სანქციები რუბლს ძლიერად დაარტყამს, რაც რუსეთში ბევრი იმპორტირებული საქონლის გაუჩინარებას გამოიწვევს.

„ეს არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის დასასრული. სამომხმარებლო ბაზრის ნახევარი გაქრება. ეს საქონელი, უბრალოდ, გაქრება, თუ მათზე გადახდები ვერ განხორციელდება," - აცხადებს ალექსაშენკო.

თუმცა Reuters-ს ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა რუსმა ბანკირმა ანონიმურობის პირობით განაუცხადა, რომ ზეგავლენა ისეთი დიდი არ იქნება, თუ SWIFT-დან მხოლოდ ჩამოთვლილი სანქცირებული ბანკები გაითიშება, რადგან რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების სხვაგან გადასატანად დრო მიეცემა. მეორეს მხრივ, თუ SWIFT-ში დაბლოკვა სანქცირებულის გარდა, ტოპ 30 რუსულ ბანკს შეეხება, ეს სრულიად განსხვავებულ სურათს შექმნის და დამანგრეველი იქნება.

სანქციებისა და საბანკო ექსპერტების განცხადებით, მოკავშირეებს, რომლებმაც, ასევე, პირობა დადეს, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკსაც შეზღუდავენ, რათა რუბლის მხარდაჭერის შესაძლებლობა შეიზღუდოს, ჯერ არ უთქვამთ, თუ რომელი ბანკები არის სამიზნე, რის დასახელებასაც გადამწყვეტი როლი ექნება ამ ღონისძიების გავლენისთვის.

„ეშმაკი არის დეტალებში. ვნახოთ, რომელ ბანკებს აირჩევენ,“ - წერს Twitter-ზე ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ეკონომიკური სანქციების ექსპერტი, ედვარდ ფიშმანი.

მისი თქმით, თუ სია მოიცავს უმსხვილეს რუსულ ბანკებს, როგორიც არის Sberbank, VTB და Gazprombank, ეს „აბსოლუტურად უზარმაზარი დარტყმა" იქნება.

კიმ მანჩესტერი, რომლის კომპანიაც ინსტიტუტებისთვის ფინანსური დაზვერვის სასწავლო პროგრამას ეწევა, აცხადებს, რომ მართალია, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ბანკის SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, შექმნას „ბუდე,“ როცა რუსული ორგანიზაციები გლობალურ ფინანსურ სისტემასთნ წვდომისთვის არასანქცირებულ ბანკებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს მიმართავენ.

ექსპერტის თქმით, რუსების ეს შემოვლითი გზა გლობალური ბანკებისთვის თავის ტკივილი იქნება. ნაწილობრივი აკრძალვა აიძულებს რუსულ ბანკებს, უფრო კრეატიულები იყვნენ ფინანსურ სისტემასთან წვდომისთვის. დიდი ფინანსური ოპერაციების ტრანსნაციონალური კომპანიები და SWIFT-ზე წვდომის მქონე ბანკები შესაძლოა, რუსეთის გარეთ ფინანსური ტრანზაქციების ახალ კერებად გადაიქცნენ. ეს „ბუდეები“ გლობალური ბანკების დიდი თავსატეხი იქნება. მათ უნდა გააკონტროლონ, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, დასავლეთის სანქციებს არ არღვევს. თუკი ასეთ ბანკები სანქციებს დაარღვევენ, გლობალური ბანკის ფინანსური დანაშაულების განყოფილება მათ მძიმე მარეგულირებელ ჯარიმებს დააკისრებს.

„გადაწყვეტილება ნამდვილად არის ხანჯალი რუსული ბანკების გულში. ბაიდენის ადმინისტრაციამ შერჩევითი სანქციებით დაიწყო, რაც მეტი ბანკის დაბლოკვით კიდევ უფრო გამკაცრდა და საბოლოოდ აბსოლუტური აკრძალვა დაწესდა. ეს არის მცოცავი ცეცხლი რუსებისთვის,“ - აცხადებს კიმ მანჩესტერი.

მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications) ანუ Swift ფინანსური მესიჯების გაცვლის ბელგიური სერვისია. ის მთელ მსოფლიოში თანხის გადარიცხვების დროს ერთმანეთთან 11 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს. სინამდვილეში Swift-ის სერვისი თანხას კი არ ინახავს ან გადარიცხავს, არამედ საშუალებას აძლევს ბანკებსა და სხვა ფინანსურ ფირმებს, ერთმანეთი განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ გააფრთხილონ. Swift ფინანსური ინსტიტუტების გლობალური კოოპერატივია, რომელიც ბელგიაში არის დაფუძნებული. 1973 წელს 15 ქვეყნის 239 ბანკი გაერთიანდა, რათა გაერკვიათ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ტრანსსასაზღვრო გადახდებს.

Swift-დან რუსეთის გათიშვა პირველი პრეცენდენტი არ არის. 2012 წელს, ევროკავშირის სანქციების საფუძველზე, სერვისიდან ირანის 30-მდე ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის ქვეყნის ცენტრალური ბანკი გააძევეს. ისინი სერვისში ხელახლა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შემდეგ ჩართეს, თუმცა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია პაქტიდან გავიდა, ირანს Swift-ზე წვდომა ისევ შეუწყდა.

რაც შეეხება რუსეთს, მსგავსი საფრთხე ფედერაციას 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროსაც შეექმნა, ამიტომ რუსეთმა, SWIFT-ის ალტერნატივად, საკუთარი ქსელი, ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა SPFS შექმნა. მასში 2020 წელს, დაახლოებით, 2 მილიონი შეტყობინება გაიგზავნა, რაც რუსეთის შიდა ტრაფიკის, დაახლოებით, მეხუთედია. ამ მონაცემებს რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს, რომლის მიზანიც 2023 წლისთვის ამ წილის 30%-მდე გაზრდაა. თუმცა Reuters-ის შეფასებით, SPFS-ს, რომელიც შეტყობინებების რაოდენობას ზღუდავს და მხოლოდ სამუშაო დღეებში მუშაობს, უცხოელი მონაწილეების დამატება გაუჭირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ