Deehubs – ქართველი ახალგაზრდების მიერ დაარსებული უნიკალური სოციალური ქსელი

Deehubs-ი თავიანთ მომხმარებლებს ქალაქის, როგორც სოციალური ქსელის გამოყენებას სთავაზობს

გააგზავნე ემოცია, სურათი, შეტყობინება, მილოცვა პროექტორებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით ამერიკის ყველაზე მაღალსართულიან შენობებზე - ეს ახალი სოციალური ქსელი Deehubs – ქართველი ახალგაზრდების მიერ დაარსებული უნიკალური სოციალური ქსელია, რომელიც ამერიკაში მცხოვრებმა ორმა ქართველმა ახალგაზრადამ - ბაქარ მარუაშვილმა და გიორგი გურგენიძემ დააარსეს.

Deehubs.com - ქართველი ახალგაზრდების მიერ დაარსებული უნიკალური სოციალური ქსელი ვირტუალური და ფიზიკური სამყაროს დამაკავშირებელი პირველი სოციალური ქსელია. ბავშვობის მეგობრებს Deehubs-ის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდათ. რუტინული სამსახურების შემხედვარეს, ძალიან უნდოდათ ისეთი სიახლის შექმნა, რომელსაც შემდგომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გაუზიარებდნენ.

Deehubs-ი თავიანთ მომხმარებლებს ქალაქის, როგორც სოციალური ქსელის გამოყენებას სთავაზობს. Deehubs-ით ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ქალაქების საშუალებით ელაპარაკონ, დაწერონ და გამოხატონ საკუთარი აზრი რეალურ, ფიზიკურ სივრცეში, სადაც "გამარჯობა" შეიძლება ერთი სართულის ტოლი იყოს და არა - 12 პიქსელის. Deehubs-ით ადამიანები აღარ საუბრობენ ჩატში და სტატუსებში.

bpn.ge სოციალური ქსელის შემქმნელებს ამერიკაში დაუკავშირდა.

"Deehubs-ი სრულიად განსხვავებული და ახლებული კომუნიკაციაა, ამიტომ მისი გამოყენებაც ამ ეტაპზე მრავალფეროვანია. ქუჩაში დაწერა ყველასთვის შესაძლებელია, ზოგი სიყვარულს უხსნის ერთმანეთს, ზოგი თავის მძაფრ და მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს ქუჩებში, ხელოვანი ადამიანები თავიანთ ნაშრომებს აქვეყნებენ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებს აღწერენ. ქუჩა ნელ-ნელა საკუთარი მოსახლეობის ანარეკლი ხდება", - აცხადებს ქსელის დამფუძნებელი.

Deehubs-ი გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქართველი ახალგაზრდების დაარსებული სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი, 18-35 წლამდე ასაკისაა. "ამჟამად გამოგზავნილი მესიჯები მხოლოდ სიეტლის ქუჩებში ქვეყნდება. თუმცა პროექტის გაფართოების გეგმა ნელ-ნელა განხორციელებას იწყებს და მოიცავს ამერიკის სხვა დიდ, 25 ქალაქში გატანას. ამისთვის Deehubs-ის გუნდმა წამოიწყო ინდიეგოგო კამპანია, სადაც უკვე ყველა ადამიანს ექნება საშუალება, თავისი წვლილი შეიტანოს კომპანიის გაზრდაში და სანაცვლოდ საინტერესო საჩუქრები მიიღოს", - აცხადებს გიორგი გურგენიძე.

სოციალურ ქსელის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბაქარ მარუაშვილი ამბობს, რომ Deehubs-ის გუნდი ცდილობს თითეული მესიჯი, რომელიც ქუჩებში ქვეყნდება, გამვლელთათვის საინტერესო იყოს. "გასული თვის განმავლობაში 28 000 მიღებული პოსტიდან მხოლოდ 15 000 გამოქვეყნდა, რათა ხარისხი შეგვენარჩუნებინა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ ქუჩის მედია იყოს ადგილი პრემიუმ პოსტებისთვის. მომხმარებლებს შორის ერთი-ერთი პოპულარული კატეგორია გახლავთ ინსპირაციული ციტატები ჩვენს კედლებს. ძირითადად ეს მესიჯები ყველაზე დიდი ემოციის მატარებელია. ციტატებს აქვს ძალა, გამვლელი შეაჩეროს და ჩააფიქროს, თუნდაც რამდენიმე წამით. ეს ქუჩაში სიარულს ყოველდღიურად ბევრად უფრო მრავალფეროვანს ხდის", - აცხადებს ბაქარ მარუაშვილი.

თეა ბითაძე