საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევები

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევებს აფასებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. დისკუსიის ძირითადი საგანია ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ინფლაციური მოლოდინები, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა და სხვა. არასტაბილური ვალუტა ბიზნესის წარმოებისა და ქვეყნის კეთილდღეობის ზრდის სერიოზული შემაფერხებელი რომ არის, ეს საყოველთაოდ მიღებული აზრია

"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ინვესტიციებია. ისეთი მცირე განვითარებადი ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც შიდა ინვესტიციები, როგორც წესი, დეფიციტურია", - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა და 941.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს მხოლოდ 30.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება. 2014 წლის პირველი სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 923.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლზე 29%-ით მეტია. "მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები ბიზნესისთვის. სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი წელი სწორედ ასეთი ხელოვნური ბარიერებითა და გაუმართლებელი რეგულაციებით იყო გამორჩეული, რომელებიც ინვესტორებისთვის უარყოფითი გზავნილის მატარებელი იყო. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება გახდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ხშირი გადავადება, რაც ქვეყანაში სტაბილური და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას აფერხებს", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ყველაზე მასშტაბური გადავადებები 2014 წლის ბოლოს მოხდა, როდესაც ათამდე მნიშვნელოვანი რეფორმის ამოქმედების ვადამ ერთი წლით გადაიწია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კიდევ ერთი გაუმართლებელი და გახმაურებული გადაწყვეტილება იყო ახალი საიმიგრაციო წესების შემოღება. "იუსტიციის სამინისტროს მომზადებული "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ცვლილებებმა ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები მნიშვნელოვნად გაამკაცრა. საქართველოს მთავრობამ ამ ცვლილებების აუცილებლობა, ძირითადად, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის დიალოგის ფარგლებში არსებული ვალდებულებებით ახსნა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა ეს რეგულაციები და იმ ადამიანთა მოსაზრებები, რომელთაც უშუალოდ შეეხო ეს ცვლილებები", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ორგანიზაციის დასკვნით, ახალი კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება არაგონივრულად ართულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურებს, გაუმართლებელ პრობლემებს უქმნის საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს, ინვესტორებსა და ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ცხოვრების მსურველთ. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი საკითხები: უვიზოდ შემოსვლის უფლების მქონე ქვეყნების დაუსაბუთებელი შემცირება; საქართველოს საზღვარზე ვიზის აღების, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის გაგრძელების გაუქმება; საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიმცირე; სავიზო განაცხადის ონლაინ შევსების შეუძლებლობა; ბინადრობის უფლებისა და ვიზის გაცემის არაგონივრული ვადები; ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძვლები; 18.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტის (საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის) ხშირი და დაუსაბუთებელი გამოყენება; ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრების არაეფექტური მექანიზმები. კანონის მიღების შემდეგ არაერთმა ორგანიზაციამ და კერძო პირმა გააპროტესტა ახალი რეგულაციები, რასაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მან ბოდიში მოუხადა ყველა იმ უცხოელს, ვისაც პრობლემები შეექმნათ შეცვლილი საიმიგრაციო წესების გამო და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. დეკემბერში პარლამენტმა მართლაც მიიღო ცვლილებები, თუმცა ისინი პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარებას ითვალისწინებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლების გაუმართლებელ რეგულაციებს შორის ასევე ასახელებს შრომის კოდექსის რეფორმების გაჭიანურებულ პროცესს, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას, საფოსტო მომსახურების ახალ რეგულაციებს, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საფოსტო მომსახურების ბაზარზე.