აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკისა და რესურსის მობილიზება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობა, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი 12 კმ სიგრძის ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს. დაიგება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარის გზა. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მას ტენდერში გამარჯვებული საერთაშორისო, ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L-ი აშენებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.