საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრემიერ-მინისტრის განცხადებას დადებითად აფასებენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დადებითად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ბიზნესისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნის დაუშვებლობის შესახებ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შეუქმნას, ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს ქმნის. ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც საუბარია შიდა ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე, ახალი წარმოების შექმნაზე თუ უკვე არსებულის გაფართოებაზე, პროცესი ფერხდება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების ან კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების დროულად ვერმიღების გამო.

"ბიზნესგარემოს, ასევე, აზიანებს მოულოდნელი, ზედმიწევნითი წინასწარი ანალიზის გარეშე ინიცირებული რეგულაციები, თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შესახებ ბიზნესი არაა წინასწარ ინფორმირებული და რომლებიც არცთუ იშვიათ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, ნაადრევია ან/და ზედმეტია", - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება და ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ბიზნესგარემოს მიმზიდველობაზე როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის - ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას, საბიუჯეტო შემოსავლების მატებას და საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა, გადაწყვეტილებები დროულად მიიღონ და ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნან. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მას, ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკური საბჭოს მდივანს რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ შეხვედრა მსხვილ ბიზნესმენებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

"მე დავინტერესდი, რა პრობლემები ექმნება ან რა შეფერხებები აქვს ბიზნესს. მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში, შემოსავლების კუთხით და ზოგადად. ბიზნესი რომ აბსოლუტურად თავისუფალია, ყველა ერთხმად აღიარებს. ერთადერთი მინდა მოვუწოდო ყველა ფუნქციონერს, ყველა სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტს, გამგებელს, მერს თუ სხვა - მაქსიმალურად დავუჩქაროთ ყველა პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ დროულად და ეფექტიანობა იყოს მაქსიმალურად გაზრდილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მისი მოწოდება და მთავარი ამოცანაა.

"ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს სახელმწიფოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა და მინისტრებს მიმართა, მისი მოწოდება მიიღონ როგორც დავალება, რომელიც თითოეული თანამშრომლის დონეზე უნდა იქნას მიტანილი. "თუ ვინმე შექმნის ბარიერს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დააყენონ მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.