სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაარსდა

შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთი საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.  საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედეთის რეგიონულ სავაჭრო პალატებთან და იმ შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში მუშაობენ.

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატამ პირველი შეხვედრა შვედურ სააგენტოებთან და კომპანიებთან შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გამართა. შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბენგტ კარლსტრომმა, ცენტრალური შვედეთის სავაჭრო პალატის მენეჯერმა ანა ჰოლმსტრომმა და შვედური კომპანიის Green Energy პრეზიდენტმა ურბან იოელსონმა, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ უმასპინძლა.

საქართველოს ელჩმა პალატის დაარსებას შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრით სულ უფრო მეტი შვედური კომპანია ინტერესდება. კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ბაზარზე შესული შვედური კომპანიების რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, თავისი წარმომადგენლობა საქართველოში 14-მა შვედურმა კომპანიამ გახსნა, მათ შორის: ABB, Swedbank, Skania, Ericsson, Telia-Sonera, Oriflame.  ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატა ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურებას.