საპარტნიორო ფონდის ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა

საპარტნიორო ფონდის ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საწარმო რუსთავის გზატკეცილზე უკვე აშენდა და იგი ამჟამად აღჭურვის პროცესშია. "ადგილზე უკვე ჩამოვიდა კორეული დანადგარები, ხოლო იტალიური დანადგარების ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში განხორციელდება," - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე თქმით, კორეული დანადგარები 104 ტონას იწონის და ტრანსპორტირება ფოთიდან ათი კონტეინერის საშუალებით მოხერხდა.

როგორც "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ, ე.წ. "სენდვიჩ პანელები" ლითონის ფურცლებია, რომლებიც პოლიურეთანის ქაფითაა შევსებული და ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას გამოიყენება. საპარტნიორო ფონდი პროექტს ადგილობრივ კომპანია შპს ICES-ისთან ერთბლივად ახორციელებს. მათ ამ მიზნით საწარმო "პანექსი" დააფუძნეს, რომლის საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ2 პანელი იქნება. საწარმოს ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია.

საპარტნიორო ფონდი შპს "პანექსში" კაპიტალის 49%-ს ფლობს. პირველი პროდუქცია ბაზარზე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გაიყიდება.