„მაქსიმუმ 25-30 კალენდარულ დღეში მივიღებთ ვალუტის კურსს  3,80-3,90 ლარის ფარგლებში და ერთ ლიტრ საწვავს ამავე ტარიფებში“  -  არსებობს თუ არა გამოსავალი

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეკონომიური გუნდისგან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა არ ყოფილიყო მიბმული რუსულ ეკონომიკაზე“ ,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მოცემულობისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, „მაქსიმუმ 25-30 კალენდარულ დღეში მივიღებთ ვალუტის კურსს 3,80-3,90 ლარის ფარგლებში და ერთ ლიტრ საწვავს ამავე ტარიფებში“.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეკონომიური გუნდისგან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა არ ყოფილიყო მიბმული რუსულ ეკონომიკაზე. ბოლო პარამეტრებით, რუსეთი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, საიდანაც ვიღებთ მთავარ რესურსებს. ეს არის, პირველი, კომუნალური სერვისები, მარტივად რომ ვთქვათ, დენი და გაზი, სურსათი და შემდეგი ეს არის საწვავი. საწვავის შემთხვევაში, არა მარტო ჩვენი, არამედ, მსოფლიო ბაზრის რანგით ნომერ მეორე მიმწოდებელია, ნედლი ნავთობის მოპოვების კუთხით, მაგრამ ჩვენთანაც ძირითადი მასა შემოდის რუსეთიდან. ფაქტობრივად, ვართ დამოკიდებული ამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

როდესაც ეს ქვეყანა სანქცირებულია და სადაც თავიანთ ინფლაციაზე აქვთ საფუარისებური ზრდა, ჩვენთან მოლოდინი არის საკმაოდ ნეგატიური და რატომ - ჩამოვთვალოთ დეტალები. პირველი, რუსეთ-უკრაინის ომი ეს არის ჩვენი ერთგვარი მოსაზღვრე ომი და რეგიონზე ამით საინვესტიციო ინტერესი ფაქტობრივად მცირდება. როგორც მინიმუმ, 50%-ით შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი. მეორე, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ძირითადი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, მათ არ აქვთ SWIF-ი, მათ არ აქვთ გადმორიცხვის საშუალება, შესაბამისად, ვეღარ შემოვა ეს თანხა, ან საიდან შემოვა, მათ დღეს თaვისი თავი გასჭირვებიათ. მესამე, საწვავი, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე 100 დოლარს გადააჭარბა ბარელი ნავთობის ფასმა, ამას დამატებული ინფლაციური შოკები და ვალუტის კურსი. ეს ერთობლიობაში ქმნის შემდეგ სურათს, რომ მაქსიმუმ 25-30 კალენდარულ დღეში მივიღებთ ვალუტის კურსს საშუალოდ 3,80-3,90 ლარის ფარგლებში და ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით, ამავე ტარიფებში, 3,90-დან 4 ლარამდე. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“, - განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის თავიდან აცილება, ეკონომისტმა განაცხადა, რომ დიახ. მისი ხედვა კი ასეთია:

„გამოსავალია ის, რომ დღეს შეაქვთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი და რაც შეიძლება სწრაფად და აგრესიული ტემპებით უნდა განხორციელდეს ამ გზის გავლა. მეორე, როცა ქვეყანაში გაქვს მწვავე ინფლაცია, უნდა დახარჯო ნაკლები. ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი რომ 19 მლრდ ლარზე მეტზეა გაწერილი, საიდანაც 5 მლრდ ლარამდე არის ადმინისტრაციული ხარჯი, უნდა შეამცირო ეს ადმინისტრაციული ხარჯი და ზოგადად, ხარჯვით ნაწილი, რათა ინფლაცია არ გაგებნეს ქვეყანაში. მესამე, ეს არის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი, შენ რომ დღეს გინდა რუსეთზე დამოკიდებული იმპორტის ბაზარი ჩაანაცვლო ახლით, გჭირდება საგადასახადო რესურსი, წახალისება ბიზნესის. ანუ, საწვავის შემთხვევაში აუცილებელია, რომ გაუქმდეს აქციზის გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა გადაიხედოს და გადავიდეს მცურავ რეჟიმზე. შენ თუ დღეს, მთავრობამ ბიუჯეტი ნაკლები არ დახარჯე და არ წაახალისე ბიზნესი, გაგექცევა ინფლაცია და ვერ შექმნი ახალ ბაზრებს“,-განაცხადა ოთო ბესაძემ.

ნინი ქეთელაური