მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციას ახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც BPN.გე-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, "მუნიციპალური განვითარების ფონდი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს და საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 7 ობიექტზე ხორციელდება. შენდება კურორტის მართვის ოფისი, ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები. ამავდროულად მიმდინარეობს ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების აღდგენა და გარე განათებების მონტაჟი. შიდა სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალურ შენობა-ნაგებობებს, კერძოდ, გამგეობის, საკრებულოს, თეატრისა და რკინიგზის შენობებს უტარდება. ხდება მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამინისტროს განცხადებით, წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელსაც "მუნიციპალური განვითარების ფონდი" მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობაზე ჯამში 170 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2015 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი.