ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საწვრთნელ-სასწავლო შენობაში დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, ჯენიფერ გრანჰოლმი აცხადებს, რომ რადიაციის დონის მატებაზე რაიმე ნიშანი არ არსებობს.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 550 კმ-ზე, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ზაპორიჟიეს ქარხანა განსხვავდება და გაცილებით უსაფრთხო სახეობის არის, ვიდრე ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 100 კმ-ში მდებარეობს. 1986 წელს, მისი აფეთქების შედეგად, რადიოაქტიური ნარჩენები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. 1984-1987 წლებში ექსპლუატაციაში ოთხი ენერგობლოკი შევიდა. 1988 წელს შეიქმნა პროექტი სადგურის გაფართოების შესახებ, რაც ანალოგიური რეაქტორებით კიდევ ორი ​​ენერგობლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. 1989 წლის აგვისტოში ქსელში მე-5 ენერგობლოკი ჩაირთო. 1990 წელს მე-6 ენერგობლოკის გაშვებაც დაიგეგმა, რაც ექსპლუატაციისთვის თითქმის მზად იყო. თუმცა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ახალი სიმძლავრეების მშენებლობა-ექსპლუატაციაზე გამოცხადებული მორატორიუმის გამო, მე-6 ბლოკის მშენებლობა 1993 წლამდე შეჩერდა. ამ წელს მორატორიუმი მოიხსნა და მეექვსე ბლოკი ექსპლუატაციაში 1996 წელს გაეშვა, რის შემდეგაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მესამე სადგური გახდა.

2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სადგურად აღიარა. 2014 წლის დასაწყისისთვის სადგურზე 11,5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2015 წლის 29 მარტს ზაპოროჟიეს ატომური სადგური პირველი ელექტროსადგური გახდა მსოფლიოში, რომელმაც ამოქმედებიდან 1 ტრილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2021 წლის 2 დეკემბერს ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა, პირველად თავის ისტორიაში, დადგენილი სიმძლავრის 100%-ის, ანუ 6040 მგვტ-ის გამომუშავებას მიაღწია, ხოლო 22 დეკემბერს ელექტროსადგურმა 6140 მეგავატით აბსოლუტური სიმძლავრის რეკორდი დაამყარა.

სულ უკრაინაში 4 ატომური ელექტროსადგური მოქმედებს, ზაპოროჟიეს ჩათვლით. ესენია:

  • როვნოს აესი - 4 ენერგობლოკით, მდებარეობს ვოლინის პოლესიეში, მდინარე სტირის ნაპირზე, ქალაქ ვარაშიდან 4 კმ-ის დაშორებით. 2011 წელს სადგურმა 17,550 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურების წარმოების 19,4%-ია.
  • ხმელნიცკის აესი - 4 ენერგობლოკით, მდებარეობს ქალაქ ნეტიშინში, ხმელნიცკის ოლქის მდინარე გორინის მახლობლად. ყოველწლიურად, დაახლოებით, 15 მილიარდ კვტ/სთ-ს, ანუ უკრაინის ატომურ სადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 9%-ს აწარმოებს.
  • იუჟნოუკრაინსკის აესი - 4 ენერგობლოკით, მდებარეობს სამხრეთ ბუგის ნაპირზე, იუჟნოუკრაინსკში. ამჟამად ქარხნის დადგენილი სიმძლავრე 3000 მეგავატია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ