ყაზახეთი გაიაფებულ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას გეგმავს

როგორც რუსული გამოცემა "კომერსანტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ყაზახეთის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში სანქციებს დააწესებს რუსეთიდან რამდენიმე სახეობის პროდუქციის, მათ შორის საკვები პროდუქტის შეტანაზე.

არსებული ინფორმაციით, ყაზახი მეწარმეები ხელისუფლებას სთხოვენ, აიკრძალოს ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობპროდუქტის, ავტომობილების, სამშენებლო არმატურის, საქონლისა და ქათმის ხორცის, მაკარონის, საკონდიტრო ნაწარმის, ფქვილისა და მარილის შეტანა. "კომერსანტის" ცნობით, ყაზახური მხარე რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს რუბლის დეველვაციითა და ყაზახურ ტენგასთან ვალუტის კურსის ვარდნით ხსნის.

ყაზახეთის ხელისუფლებას რუსულ საქონელზე ემბარგოსა და შეზღუდვების დაწესების თხოვნით ყაზახეთის მეწარმეთა ეროვნული პალატის წარმომადგენლებმა მიმართეს. ყაზახი მეწარმეები სრული აკრძალვის დაწესებას ითხოვენ გარკვეულ საქონელზე, მათ შორის ქათმის ხორცზე, რადგან რუსეთიდან ყაზახეთში მისი შეტანის ფასი 760 ტენგადან 380 ტენგამდე შემცირდა, რაც ყაზახური ქათმის ხორცის თვითღირებულებაზე ნაკლებია.

ადგილობრივი ბიზნესმენები ხელისუფლებას რუსეთიდან ქათმის კვერცის შეტანაზე კვოტების დაწესებასაც სთხოვენ. მათი განცხადებით, კვერცხის რაოდენობამ 500 მილიონს არ გადააჭარბოს.

ყაზახი მეწარმეები კვოტის შემოღებას ითხოვენ რუსეთიდან ავტომობილების იმპორტზეც.

თავის მხრივ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ასტანას საკმარისი არგუმენტები არ წაურდგენია, რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებისთვის.