პოლ გოგენის ფერწერული ტილო რეკორდულ თანხად გაიყიდა

ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის ფერწერული ტილო Nafea Faa Ipoipo (“როდის თხოვდები”) ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელიც ამ დრომდე გაყიდულა.

”ბიბისის” ინფორმაციით, გოგენის მიერ 1892 წელს შესრულებული ტილო რეკორდულ თანხად - 300 მილიონ დოლარად (197 მილიონი ფუნტი) გაიყიდა. დაუზუსტებელი ცნობებით, სურათი ყატარში გაიყიდა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდა მისი მფლობელი.

პოლ გოგენის ”როდის თხოვდები”, რომელზეც ორი ტაიტელი ქალია გამოსახული, შვეიცარიელ კოლექციონერს, რუდოლფ შტეხელინს ეკუთვნოდა.

აქამდე რეკორდი პოლ სეზანის ”ბანქოს მოთამაშეებს” ეკუთვნოდა, რომელიც 2011 წელს 250 მილიონ დოლარად (158 მილიონი ფუნტი) გაიყიდა ყატარში. ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშთა შორის არის ფრენსის ბეკონის ტრიპტიხი ”ლუსიენ ფროიდის სამი ესკიზი” – 89 მილიონი ფუნტი, ედვარდ მუნკის ”კივილი” – 74 მილიონი ფუნტი, გუსტავ კლიმტის ”ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი” – 73 მილიონი ფუნტი, ჯექსონ პოლოკის No.5 – 73 მილიონი ფუნტი და პაბლო პიკასოს ”სიშიშვლე, მწვანე ფოთლები და ბიუსტი” , რომელიც 2010 წელს 65,5 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

”ბიბისის” ცნობით, ყატარის სამეფო ოჯახმა ბოლო წლებში დიდძალი თანხები დახარჯა დასავლელი მხატვრების ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე. ყატარის კულტურის ყოფილმა მინისტრმა საუდ ბინ მოჰამედ ალ-ტანიმ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ხელოვნების ნიმუშების სანაცვლოდ.