ევროპაში მიგრანტების კრიზისი განახლდა - ევროპის რომელ ქვეყნებს აფარებენ თავს უკრაინელი ლტოლვილები?

რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. მიუხედავად რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებებისა, უკრაინელების უდიდესი უმრავლესობა სამშობლოს დატოვებას არ აპირებს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მოსახლეობა 44 მილიონს აღემატება, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, საერთო ჯამში არც ისე ცოტაა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუდმივად აახლებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა უკრაინა ომის დაწყების დღიდან.

ლტოლვილების ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ასე აფასებს ორგანიზაცია ევროპის ტერიტორიაზე შექმნილ კრიზისს.

გაეროს ბოლო მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში ლტოლვილების ნაკადები კიდევ გაგრძელდება და უკრაინა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა დატოვოს.

გაეროს მოხედვით, მიგრანტების ნახევარზე მეტმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. მას უნგრეთი და რუმინეთი მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიგრანტები არ რჩებიან იმ ქვეყანაში, სადაც პირველად შევიდნენ. მაგალითისათვის, ომის პირველი 8 დღის განმავლობაში უკრაინიდან რუმინეთში 200 000 ადამიანი ჩავიდა. მათგან 140 000-მე გადაწყვიტა რუმინეთში არ დარჩენილიყო და დასავლეთ ევროპის ქვეყანაში გაემგზავრა.

ბოლო მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში დარეგისტრირებული უკრაინელი მიგრანტების რიცხვი ასე გამოიყურება:

  • პოლონეთი- 756 000
  • უნგრეთი-157 000
  • მოლდოვა- 103 000
  • სლოვაკეთი- 90 000
  • რუმინეთი- 63 000
  • რუსეთი- 53 000 (ძირითადად დონეცკიდან და ლუგანსკიდან)
  • გერმანია- 27 000
  • ბელარუსი- 400

შედარებისთვის, 2015 წელს სირიის კრიზისის დროს ევროპაში 1.3 მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რამაც ევროპულ გაერთიანებაში მიგრანტების კრიზის გამოიწვია. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში კი, ქვეყანა 1.3 მილიონმა ადამიანმა უკვე დატოვა.

ბექა ბერიაშვილი