რა შეკითხვები არ უნდა დაუსვათ პოტენციურ დამსაქმებელს გასაუბრებაზე

პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუს დროს, გახსოვდეთ, რომ შეკითხვებს არა მხოლოდ თქვენ გისვამენ, არამედ პირიქით - თქვენგანაც ელიან. მომავალ სამსახურთან დაკავშირებით თქვენს მიერ დასმული შეკითხვა დამსაქმებელს ეხმარება უკეთ შეიტყოს, რამდენად დაინტერესებული ხართ კონკრეტული კომპანიითა და მისი მომავლით. ამიტომ ეცადეთ, ინტერვიუს ბოლოს თქვენთვის საინტერესო კითხვებს თავი არ აარიდოთ. თუ კითხვის დასმას არავინ შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ თამამად განაცხადოთ - შეიძლება, რამდენიმე შეკითხვით მოგმართოთ?

თუმცა, არსებობს შეკითხვები, რომლის დასმამაც შესაძლოა სამსახურში აყვანის ყველანაირი შანსი მოგისპოთ. ამერიკული კომპანია AHA-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან დე ჰააფი სამსახურის მაძიებლებს იმ სამი შეკითხვისთვის თავის არიდებას ურჩევს, რომელმაც შესაძლოა, სასურველი სამსახური დაგაკარგინოთ.

”რას საქმიანობს თქვენი კომპანია”

ბრაიან დე ჰააფის თქმით, წარმოიდგინეთ,  რომ ინტერვიუზე მისულს, მენეჯერი, რომელიც ინტერვიუს გიტარებთ, სრულიად მოუმზადებელია თქვენთან სასაუბროდ. ამიტომ ნურც თქვენ წახვალთ გასაუბრებაზე მოუმზადებელი, ეცადეთ მანამდე გაარკვიოთ, რას საქმიანოს კომპანია, რომელმაც გასაუბრებაზე მიგიწევიათ. რა პოზიციაზეც არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, ვალდებული ხართ იცოდეთ, რომელ კომპანიასთან აპირებთ თანამშრომლობას.

”თქვენი მთავარი ამოცანაა გასაუბრებისთვის მომზადება და იმის ახსნა, თუ რითი შეუწყობთ ხელს კომპანიას წარმატებაში. თუ თქვენ ინტერვიუზე არასაკმარისად მომზადებული მიხვალთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მაინცდამაინც არ გაღელვებთ არც თქვენი და არც კომპანიის მომავალი”, - აღნიშნავს ბრაიან დე ჰააფი.

”რამდენი საათი უნდა ვიმუშავო”

კომპანია AHA-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს შეკითხვა ბევრს ამბობს კანდიდატის პრიორიტეტებზე.

”გასაუბრება ეს თქვენი შანსია, წარმოაჩინოთ საკუთარი უნარები და დაუმტკიცოთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომ იმსახურებთ ამ პოზიციაზე დანიშვნას. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი წარმატებული თანამშრომელი კარგად ფლობს თაიმ-მენეჯმენტს, თქვენც უნდა შეძლოთ იმის წარმოჩენა, რომ შეგიძლიათ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დაგეგმილი სამუშაოს დროზე შესრულება”, - აღნიშნავს ბრაიან დე ჰააფი.

მისივე თქმით, ამ შეკითხვის დასმით, თქვენ ხაზს გაუსვამთ, რომ დაინტერესებული ხართ მინიმალური სამუშაოს შესრულებით. ამიტომ, ბრაიან დე ჰააფი გირჩევთ, თავი აარიდოთ სამუშაო საათებთან, ასევე შვებულებისა და ბიულეტენის ანაზღაურებასთან დაკაშირებით შეკითხვებს.

”რამდენ ხანშია ჩემი დაწინაურება შესაძლებელი”

ბრაიან დე ჰააფის თქმით, ისინი, ვინც ამ შეკითხვას სვამენ, ხაზს უსვამენ, რომ ფული მათი მთავარი მოტივატორია.

”თანამშრომლებს მხოლოდ გულმოდგინე შრომის შემდეგ აწინაურებენ და არა - დროის მიხედვით, რომელიც მან კომპანიაში გაატარა. საუკეთესო კანდიდატებმა ეს იციან და არ აქვთ მოლოდინი, რომ მალევე დააწინაურებენ. შესაბამისად,  პოტენციურ დამსაქმებელს ასეთ შეკითხვას არ უსვამენ”, - აღნიშნავს ბრაიან დე ჰააფი.