ლუდის მწარმოებლები აქციზის გაზრდას აპროტესტებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით ლუდზე აქციზი 1-ლი მარტიდან 50%-ით გაიზრდება

საქართველოში ლუდის მწარმოებელი დიდი კომპანიები ლუდზე აქციზის 50%-ით გაზრდას აპროტესტებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით ლუდზე აქციზი 1-ლი მარტიდან 50%-ით გაიზრდება. მწარმოებლები შიშობენ, რომ დასაქმებულთა შემცირება მოუწევთ. რამდენიმე დღის წინ ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა ,,ნატახტარმა" და ,,კასტელი საქართველომ" ლუდზე აქციზის გაზრდა ,,არ გამიძვირო ლუდი!" კამპანიის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს.

ლუდის მწარმოებლებმა უარყოფითად შეაფასეს გადაწყვეტილება ლუდზე აქციზის 50%-ით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის წარმომადგენლებმა იმ უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ცვლილებას მოჰყვება.

კახა პაიჭაძე, ,,ზედაზნის" კომერციული დირექტორი: ,,ჩვენი კომპანია დღეს აწარმოებს პროდუქციას, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო სტანდარტებისას. რა თქმა უნდა, არსებობს საექსპორტო პოტენციალი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართო, რაც ადგილობრივ ბაზარს აითვისებ და განავითარებ. როდესაც ბაზარზე ხელოვნურად შეიქმნება ისეთი ტენდენცია, რომ ბაზრის მოცულობა, ანუ მთლიანი გაყიდვები, შემცირდება, რა თქმა უნდა, აქციზების ზრდა პროდუქციის ფასის ზრდას გამოიწვევს. ფასის ზრდა გამოიწვევს ზოგადად ბაზრის შემცირებასა და, შესაბამისად, მოხდება დარგის ეკონომიკური მიმზიდველობის ნიველირება".

ლევან ზაუტაშვილი, ,,კასტელ საქართველოს" გენერალური დირექტორი: ,,ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ კომპანიებს გონივრული ვადები უნდა ჰქონდეთ მსგავსი ცვლილებების გასატარებლად. ჩვენთვის არანაირი ვადა არ მოუციათ".

ლუდის მწარმოებლები იმ რამდენიმე მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე საუბრობენ, რომელიც აქციზის გაზრდას მოჰყვება: ეს არის ფასების ზრდა, ბაზრის და შესაბამისად, წარმოების შემცირება, სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხე, დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვა და ბიზნესგარემოს გაუარესება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილებების შესახებ მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა. ლუდის მწარმოებლების აზრით, აქციზის ზრდა წლიური ინფლაციის შესაბამისად უნდა მოხდეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ფინანსთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-ისა, მაგრამ ლუდის მწარმოებელთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომ არ შეცვალოს საგადასახადო კანონმდებლობა ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციისა და გონივრული ვადის მიცემის გარეშე.

თორნიკე ყაჯრიშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”