„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“

„ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება. არავითარი ძალა მას არ ექნება“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არც ომის წარმოების საშუალება ექნება.

„ნავთობისა და გაზის ქვეყანაა რუსეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც აი ამ ორ ნარკოტიკულ ნემსზე ზის. მთელი ბიუჯეტი არის აგებული ამაზე. გაზი ძალიან სპეციფიკური საქონელია. გაზის მიტანას სჭირდება მილი, თუ მილი არ გაქვს, ვერსად მიიტან და ეს მილი მიბმული აქვს ევროპისკენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისკენ. იქით აღმოსავლეთში არავის უნდა რუსული გაზი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყველას თავისი გაზი აქვს. ანუ, გაზის მყიდველები ვარ ჩვენ, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი და ევროპა. ახლა ჩინეთშიც იწყებენ დიდი გაზსადენის გაყვანას, მაგრამ ეს ვერ დააკომპენსირებს. ამიტომ, გაზი არის ერთის მხრივ, ძალიან მოწყვლადი რუსეთისთვის, ვინაიდან, საკმარისია ერთი ჩაიკეტოს და მორჩა, ამ მილებს იქით ვერ გადადებ. მაგრამ ეს ვერ მოხდება სწრაფად. თუმცა, შეიძლება მოხდეს საერთოდ აფეთქება, იგივე, უკრაინიდან გამავალი გაზსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი გაჩერდეს ან ბელარუსში რა მოხდება, კაცმა არ იცის... შეიძლება თავად რუსეთმა გადაკეტოს უკვე აგონიაში ჩავარდნილმა, თუკი მართლაც მთავარი ემბარგო დაუწესდება. ეს არის ნავთობი.

ვინაიდან, ამ ომის შედეგად უკვე ყველგან ზიანდება, ყველა მიმართულებით. მარტო 10-მდე ავტოქარხანა წავიდა, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანი ერთ დღეში დარჩა უმუშევარი და კიდევ ერთი ამდენი ალბათ, ამ ავტომობილების გაყიდვის ცენტრები და დილერები არიან. ამიტომ, როდესაც ყველგან ინგრევა, ერთადერთი, სადაც მას რაღაც სიცოცხლის ნიშნები აქვს, ეს არის მზარდი ფასები ნავთობზე. ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება, არ ექნება უცხოეთში რამის ყიდვის შესაძლებლობა, არ ექნება ვალუტა, რა თქმა უნდა, არც ომის წარმოების საშუალება ექნება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნინი ქეთელაური