აფბა საქართველოს მთავრობას მიმართავს

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მაქსიმალურად დააჩქაროს.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) განცხადებით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, ხოლო საკუთრივ სადაზღვევო სექტორისთვის - სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი. ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კაპანაძის განცხადებით, აფბა ახორციელებს კვლევას, რომლის შედეგადაც თვალსაჩინო გახდება ერთი მხრივ ის, თუ რამდენად არიან ინფორმირებულები ავტომფლობელები უახლოეს მომავალში დასანერგი აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტის შესახებ. ასევე, გამოავლენს ავტომფლობელთა ლოიალობის ხარისხს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების მიმართ და გაზომავს ამ პროდუქტის შემოღების კვალდაკვალ მისაღებ სოციალ-ეკონომიკურ შედეგებს. კაპანაძის განმარტებით, აფბა აღნიშნული კვლევის შედეგებს საზოგადოებას უახლოესი ერთი თვის ვადაში გააცნობს.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება 2015 წლიდან იყო დაანონსებული, თუმცა ამ დროისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის მხრიდან პარლამენტში ინიცირებული არ არის. საკუთრივ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები სწორედ მთავრობის ინიციატივას ელიან, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურული ნაბიჯები გადაიდგმება.

"განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სადაზღვევო ინდუსტრიის მთლიანი აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25-დან 50%-მდე მერყეობს. საქართველოში, ამ კუთხით, ვითარება სახარბიელო არ არის. საიმისოდ, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ, სადაზღვევო კულტურა ამაღლდეს და მეორეს მხრივ, სადაზღვევო სექტორის ზრდა და განვითარება შეუქცევად პროცესად რომ იქცეს, პირველ რიგში, აუცილებელია, თავად სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მარკეტინგული აქტივობების ზრდა და ცალკეული პროდუქტების ცნობადობის ამაღლებაზე ინტენსიური ზრუნვა. ხოლო მეორე და აუცილებელი წინაპირობა სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შემოღებაა. ამ კუთხით, პირველ ნაბიჯად ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხი უნდა განიხილებოდეს," – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ამასთან, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნსესმენთა ასოციაციის" ინფორმაციით, სადღეისოდ საქართველოში 900 ათასამდე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველწლიურად 5-7%-ით იზრდება. არსებული მონაცემებით, აქედან უმოქმედო, ანუ გაჩერებულ მდგომარეობაშია 100 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოქმედი ავტოტრანსპორტიდან დაზღვევით, მათ შორის, პასუხისმგებლობის დაზღვევით, სარგებლობს მხოლოდ 40 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5 %. ,,სადღეისოდ, 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებს ავტოდაზღვევის პროდუქტით მოზიდული აქვთ სულ 32 მილიონ ლარამდე, ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევის კუთხით 4,5 მილიონ ლარამდე. ამთავითვე ცხადია, რომ ეს ბაზარი პრაქტიკულად აუთვისებელია და სექტორისთვის უაღრესად საინტერესო ნიშას წარმოადგენს. სწორედ ამ ნიშის სწრაფად და ეფექტიანად ათვისებისთვის არის აუცილებელი ისეთი წამახალისებელი პროცესის დაწყება, როგორიც იქნება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება", - განაცხადა კაპანაძემ.

აფბას ხელთ არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში გამოიკვეთა, რომ ამ სერვისის წლიური ღირებულება საშუალოდ 160-200 ლარს შორის იმერყევებდა. ანუ, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ღირებულება თითოეული ავტომფლობელისთვის 17 ლარს არ გადააჭარბებდა. შესაბამისად, აფბას განცხადებით, 800 ათასი ავტომფლობელის სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, მხოლოდ ამ პროდუქტის გაყიდვით სექტორის შემოსავალი წლიურად მინიმუმ 125-130 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც მთლიანი სექტორის ნახტომისებურ ზრდას გამოიწვევს.

აღნიშნული ასოციაციის ინფორმაციით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, აღნიშნული პოლისი აანაზღაურებს ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის მიმართ მიყენებულ ზიანს მიუხედავად იმისა, ბრალეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ამოუცნობი იქნება, თუ გატაცებული. "პოლისი დაფარავს ავტოსაგზაო შემთხვევისას დამდგარ, როგორც ქონებრივ, ისე მესამე პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზარალსაც. ზარალის დაფარვის ლიმიტი სავარაუდოდ შემდეგი იქნება: ერთი სადაზღვევო შემთხვევისას ქონებრივი ზარალის ანაზღაურება – მაქსიმუმ 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საგზაო შემთხვევაში 5-ზე მეტი მანქანაა მოყოლილი, ქონებრივი ზარალის ჯამური ანაზღაურების ლიმიტი იზრდება 100 000 აშშ დოლარამდე. რაც შეეხება ჯამრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ერთი სადაზღვევო შემთხვევისას აქ ჯამური ლიმიტი 1 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ისეთი შემთხვევისთვის, როცა ავარიის შედეგად ზარალდებიან სამგზავრო ტრანსპორტში (ავტობუსი/მიკროავტობუსი) მსხდომი მოქალაქეები", - აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, პირადი ავტოტრანსპორტის მოქმედების შედეგად დამდგარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ლიმიტი ერთ ადამიანზე ასევე 10 000 აშშ დოლარით იქნება განსაზღვრული. პოლისი ასევე დაფარავს, ერთჯერადად, შრომისუუნარობით გამოწვეულ ზარალს (შესაბამისი ხარისხის მიხედვით) მაქსიმალური ლიმიტით ასევე 10 000 აშშ დოლარი. პოლისი ასევე დაფარავს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების რისკს. ასეთ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად 10 000 აშშ დოლარს მიიღებს.  "ზემოთმოყვანილი ციფრების შემდეგ ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის იმ სიკეთის განსაზღვრა, რასაც ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ავარიის შედეგად დაზარალებული მესამე პირებისთვის მოიტანს. ეს დიდი საზოგადოებრივი და სოციალური სიკეთეა, რომელიც ყველა ავტომფლობელს თვეში მაქსიმუმ 17 ლარი დაუჯდება," - განაცხადა აფბას ვიცე პრეზიდენტმა.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ერთ-ერთი ის ინიციატივა იქნება, რომელიც მოქალაქეთა სოციალურ დაცულობას საგრძნობლად აამაღლებს და ბიზნესის განვითარების სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორიც გახდება. შესაბამისად, მისი მიღება და დროულად ამოქმედება ყველა მხარის ინტერესშია, იქნება ეს ავტომფლობელები, საკუთრივ სადაზღვევო სექტორი თუ ხელისუფლება. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს პარლამენტში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტის ინიცირება. ასევე, ასოციაცია მოუწოდებს სადაზღვევო სექტორს, გახდეს უფრო აქტიური და ინიციატივიანი აღნიშნული პროდუქტის დანერგვის კუთხით.