,,ნახტომისებურად  გაზრდილია მოთხოვნა, მაგრამ 85% უარს ამბობს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავებაზე“

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ ქართულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ნახტომისებურად გაზრდილია - ამის შესახებ „ბიზნეპრესნიუსს“ კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა, ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ორი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს დაქირავება ძირითადად მოკლე ვადით სურთ. მოთხოვნა კი ძირითადად, თბილისსა და ბათუმზეა.

,,მომართვიანობა ძალიან არის გაზრდილი, მაგრამ ქონებები მოგეხსენებათ ლიმიტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს თბილისში, ძალიან მალე ხდება მათი გაყიდვა, გათხრილი არ არის კორპუსის საძირკველი, რომ უკვე გაყიდულია. იჯარის ნაწილში კი, ძალიან ცოტა არის კარგი ბინები. ჩვენ კომპანიას რაც შეეხება, ელიტურ უძრავ ქონებაზე ვმუშაობთ და აქ, კიდევ უფრო გართულებულია.

რუსეთიდან და ბელორუსიდან როცა რეკავენ კლიენტები პირველ ეტაპზე გვესაუბრებიან ინგლისურად. აშკარად, ჩვენი დამოკიდებულების მიმართ სიფრთხილისა და შიშის გამო. შემდეგ კი, მეილით გვწერენ, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის აშკარად ახალი ტენდენცია. თვალსაჩინო რომ იყოს, სადღაც დღის 12 საათამდე დაახლოებით 25 ზარი და 10 მეილი მაინც შემოდის ამ ორი ქვეყნიდან. უკრაინიდან მომართვიანობა ნაკლებია, რადგან მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები იღებენ აქტიურად ლტოლვილებად. ასეთია სიტუაცია ჩვენთან და ასოციაციის სხვა წევრებთან, ვისთანაც საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს.

ნახტომისებურად არის გაზრდილი მოთხოვნა, მაგრამ ქართველი გამქირავებლების 85% უარს ამბობს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავებაზე. მესაკუთრეები კითხულობენ, ამ ორი ქვეყნიდან ხომ არ არიან. გაყიდვაზეც ზუსტად იგივე სიტუაციაა.

დაქირავება უნდათ 2-4-6 თვით, მაგრამ რადგან მიხვდნენ, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ითხოვენ 1 წლითაც, თუმცა გვეკითხებიან ხოლმე, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, როგორი იქნება სანქციები და ჩვენ ვაძლევთ დეტალურ განმარტებას. მოთხოვნა თბილისზე და ბათუმზეა, რადგან ზღვის სეზონი ახლოსაა“, - აცხადებს მებაღიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაცია, ომის პარალელურად რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, სახელმწიფოს არ გაუვრცელებია, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები ამბობენ, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკა არ გაზრდილა.

თამარ მუკბანიანი