როგორ დაიცავს ახალი კანონი მომხმარებელს ონლაინ-მაღაზიების თაღლითობისგან?

დარღვევების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებელს ზარალი აუნაზღაუროს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი ახლო მომავალში ამოქმედდება. თუკი აქამდე მოხმარებელს თავად უწევდა საკუთარი უფლებების დაცვა და ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ, ახალი კანონის შემთხვევაში სიტუაცია სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტია, პირველი მოსმენისთვის უკვე მზად არის. bpn.ge-სთვის ცნობილი გახდა კანონპოექტში შესული რამდენიმე დეტალი. კერძოდ, ახალ კანონში გათვალისწინებული იქნება ინტერნეტ ვაჭრობა და ე.წ. ქუჩის ხელშეკრულებები.

შესაბამისად, კანონით დარეგულირდება გადამზიდი კომპანიების პასუხისმგებლობა და დარღვევების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებელს ზარალი აუნაზღაუროს. დღეს კი გადამზიდ კომპანიებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ და მომხმარებელი მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის ხელშეკრულებებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილისთვის გაუგებარია, როგორ დაარეგულირებს კანონი ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებს.

"მე მქონდა შენიშვნები ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებებთან, თუმცა, არ გაიზიარეს. ძნელად წარმოსადგენია, როგორ მოხდება ამის კონტროლი. მომხმარებელმა ქუჩაში მდგომი გამყიდველისგან რაიმე ნივთის შეძენის შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს. ასევე, გამყიდველი ვალდებული იქნება შეძენილი საქონელი უკან დაიბრუნოს. მხოლოდ დეზერტირების ბაზრობაზე დგას უამრავი გარემოვაჭრე, როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა მისი და მომხმარებლის ურთიერთობა? ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ჩემი აზრით, ეს იქნება ბიუროკრატია. სწორედ კეთილი სურვილებით იქმნება ბიუროკრატიული ინსტიტუტები. საბჭოთა კავშირში ყველაფერი რეგულირდებოდა, მაგრამ რით იყო დაცული მომხმარებელთა უფლებები? რაც შეეხება ინტერნეტ ვაჭრობას, მომხმარებელი თაღლითობას თუ გადააწყდება, შეუძლია სასამართლოში იდავოს. კანონი ამის უფლებას მისცეს," - ამბობს დარჩიაშვილი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე იმედოვნებს, რომ ახალი კანონი მალე ამოქმედდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ კანონში გათვალისწინებული იქნება ინტერნეტ ვაჭრობა, რაც ძველ კანონში არ იყო.

"დღესდღეობით სახელწმიფოს გადამზიდ კომპანიებზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, ამიტომ მომხმარებელი დაუცველია. ფედერაციაში საჩივრები შემოდის, მაგრამ კანონი არ გვაძლევს კომპანიებზე ზემოქმედების ბერკეტს. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება. პასუხისმგებლობა გადამზიდ კომპანიას დაეკისრება. თუმცა, თუ მომხმარებელი თავად დაამყარებს კონტაქტს უცხოურ საიტებთან, მაშინ კომპანიას პასუხი არ მოეთხოვება. იმედი გვაქვს, რომ ახალი კანონი მალე ამოქმედდება. მომხარებელი მოტყუებული არ უნდა იყოს. ჯერჯერობით, უფრო დაწვრილებით ამ კანონის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ჯერ მისი საჯარო განხილვა უნდა მოხდეს, შესაძლოა, შენიშვნებიც იყოს და ცვლილება შეიტანონ," - ამბობს მადონა კოიძე.

მისივე თქმით, დაზარალებული მომხმარებლები მათ ფედერაციას ხშირად მიმართავენ. თუმცა, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა მათი ინტერესების დაცვაში ხელს უშლით. "მომხმარებელმა იცის, რომ უცხოეთიდან გამოწერით ერთგვარ რისკზე მიდის. შეკვეთას მიიღებს ან ვერ მიიღებს. ახლახან, ჩვენს ფედერაციაში საჩივარი შემოვიდა, მომხმარებელმა ერთ-ერთი ცნობილი საიტიდან სამოსი გამოიწერა. გადამზიდ კომპანიას წინასწარ დაურეკა, შეკვეთა მისცა და თანხაც გადარიცხა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სამოსი ქსელში აღარ იყო. მომხმარებელი 45 დღის განმავლობაში ელოდა კომპანიისგან თანხის დაბრუნებას. ვინაიდან, გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელს თანხა გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნოს, კლიენტი იძულებულია მოთმინებით დაელოდოს. ეს დრო კი კომპანიის მიერ არის განსაზღვრული და შეიძლება ერთ წელსაც მოიცავდეს," - განმარტავს კოიძე.

კანონპროექტის პირველი საპარლამენტო მოსმენა მომავალ სასესიო კვირაში შედგება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა თუ რა შენიშვნები აქვთ პარლამენტარებს და საჭირო გახდება თუ არა კანონში დამატებითი ცვლილებების განხორციელება.

სალომე გოგოხია