თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2022 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით, გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 226.2 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.1 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის თებერვალში საარსებო მინიმუმი 197.2 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით, 0.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 200.4 ლარის ნაცვლად 204.9 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 174.7 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

თაია არდოტელი