გაერო: უკრაინაში ომი ნეგატიურად აისახება განვითარებად ეკონომიკებზე

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მსოფლიო ეკონომიკას შეარყევს და გამოიწვევს ფასების ზრდას საწვავსა და სურსათზე. განსაკუთრებით ეს დაეტყობა განვითარებად ქვეყნებს, - აღნიშნულის შესახებ წერია „გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის“ UNCTD ანგარიშში.

კვლევის ავტორები ყურადღებას აქცევენ „მსოფლიო ეკონომიკის სწრაფად გაუარესებულ პროგნოზებს, რომელიც გამოწვეულია საწვავსა და სურსათზე ფასის ზრდით.

როგორც UNCTD-ის გენერალურმა დირექტორმა რებეკა გრინსპინმა განაცხადა, უკრაინის კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკას რყევის გზავნილს უგზავნის და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა იმ მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც მოხერხდა პანდემიის შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნული სიტუაცია ბლოკავს მდგრად განვითარებას და ფასების ზრდა საწვავსა და სურსათზე განსაკუთრებით დაეტყობა განვითარებად ქვეყნებს, სადაც მოსახლეობას მძიმედ დააწვება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიწვევს კრიზისსა და შიმშილობას.

UNCTD-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთი და უკრაინა არიან ლიდერი ქვეყნები სოფლის მეურნეობაში. სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის მზესუმზირის ზეთის გლობალური წარმოების 53%, ასევე ხორბლის წარმოების 27%. მათი განცხადებით, სიტუაცია რომელიც იქმნება განსაკუთრებით საგანგაშოა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის 26 აფრიკული ქვეყნისთვის, რომლებიც უკრაინიდან და რუსეთიდან ეზიდებიან ხორბალს. 17 მათგანში კი ხორბლის იმპორტის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოდის. UNCTD-ის ინფორმაციით, ფასების ზრდა აისახება სამომხმარებლო კალათის 5%-ზე, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - 1%-ზე.

კოკა კვირკველია