სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით, მეწარმეებისთვის ტრეინინგი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) აგრობიზნესში დასაქმებული მეწარმეებისთვის სამდღიანი ტრეინინგი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგი პროექტის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოთხოვნების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, თემატური ტრენინგების ჩატარება, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისად, იმ საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება პროექტის გრანტის მიმღები კომპანიებისათვის, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იძლევა.

ტრეინინგს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორისი დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის" ფარგლებში განსაზღვრულია კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რათა პროექტის ბენეფიციარებს და ყველა დაინტერებულ მხარეს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ტექნიკური ბარიერებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე გატანის შესახებ. ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქართული აგრობიზნესის საწარმოებს, გააფართოვონ ვაჭრობა ევროპასთან. ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის ქართულმა აგრობიზნესის საწარმოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი საწარმოების მოდერნიზაცია და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტები.