”ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას”

ლარის კურსთან დაკავშირებით, გვესმის, რომ სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"რაც შეეხება ლარის კურსს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ სიტუაციას. გვესმის, რომ სიტუაცია მარტივი არ არის, ამას ვაცნობიერებთ. ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს და ერთიანი კოორდინაციით ვუდგებით ამ საკითხს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაბალანსოთ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი და კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა გვაქვს დამატებითი საინვესტიციო პროექტების კუთხით, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების კუთხით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, კონკრეტული სამოქმედო გეგმა დღეს უკვე ხორციელდება, უბრალოდ მისი შედეგები მყისიერი არ არის. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში კონკრეტული შედეგები იქნება ამ მიმართულებით, კოორდინაცია გვაქვს, კარგად ვაცნობიერებთ სიტუაციას და ძალიან კარგად ვხედავთ იმ ნაბიჯებს, რაც გადასადგმელია. ამ მიმართულებით კონკრეტულ ქმედებებს ვახორციელებთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრი, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარში სესხის მქონე კომპანიებს და ადამიანებს ხარჯები გაუძვირდათ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ ეფექტების განეიტრალებაზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიუჯეტის კორექტირება, მინისტრის თქმით, როცა პირველი კვარტლის მონაცემები დაჯამდება, როდესაც ცხადი გახდება ტენდეციები, გაცილებით უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება იქნება შესაძლებელი.