საქართველომ და EBRD-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველომ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს მმართველმა EBRD-ში, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენერალურმა მდივანმა ენცო კატროჩიოკემ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში უზრუნველყონ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების ორგანიზება.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის წევრი 64 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები - დაახლოებით 2000 მონაწილე. წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ფასდება ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მისი სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნეს ფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ შესაძლებლობებს.

საქართველომ თბილისში შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადი 2013 წლის მაისში გააკეთა. ამავე წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. EBRD-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, მათივე განცხადებით, გახდა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ის ფაქტორი, რომ საქართველო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე რეგიონულ ცენტრად მოიაზრება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. EBRD-ის მიერ დღემდე საქართველოში დაფინანსებულია დაახლოებით 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების 170 პროექტი, დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე. 2013 წლის 4 სექტემბერს EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, სადაც გაწერილია ევრობანკის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება.