გიორგი კვირიკაშვილი: ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები არ გვაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები არ გვაქვს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იმ მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც 2015 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდა. "ობიექტური სურათი გახლავთ ის, რომ ტურისტების შემოდინება შემცირებულია იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები არ გვაქვს, ანუ ვიზა არ არის საჭირო და ამ ქვეყნების პირველი სამეულია თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. თურქეთიდან ტურისტების, ვიზიტორების სერიოზული კლება გვაქვს. თუმცა, მე აბსოლუტურად გულწრფელად უნდა ვთქვა ისიც, რომ სავიზო რეგულაციებმა, სადაც იყო გარკვეული ბიუროკრატიული გადაჭარბებები, მცირეოდენი, მაგრამ მაინც ზიანი მიაყენა ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნა ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რითაც ტურისტებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად მარტივდება. ამასთან, მინისტრის თქმით, 9 თებერვლიდან ამუშავდა ელექტრონული ვიზების ვებგვერდი, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტის მეშვეობით საკონსულოს შენობაში გამოცხადების გარეშე, გააკეთოს განაცხადი, ონლაინ რეჟიმში გადაიხადოს თანხა, ამობეჭდოს ვიზა, ჩადოს პასპორტში და საზღვარზე წარმოადგინოს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტების რაოდენობის შემცირება, უპირველეს ყოვლისა, უდიდესწილად რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ანარეკლია.