რა არის „დუმსქროლინგი“ და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობასა და გონებაზე

დღესდღეობით თანამედროვე ახალგაზრდების დიდი ნაწილი (და არამხოლოდ) დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ე.წ. „სქროლვაში“ ატარებს. ისინი მობილური ტელეფონის, ან პერსონალური კომპიუტერის ეკრანების წინ დღეში სულ მცირე 2-3 საათს ატარებენ და მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალ ინფორმაციას იღებენ.

ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დაწყებიდან, როდესაც მკაცრი რეგულაციების გამო მილიონობით ადამიანს დროის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში გვიწევდა.

ზოგიერთი ჩვენგანი, შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ახალი ამბების გაცნობა კარგია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიუსების უმეტესობა გაჟღენთილია ნეგატივით, მკვლელობებით, ძალადობის სცენებითა თუ სხვა ინფორმაციით. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბევრია ასეთი მასალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

მეცნიერები პროცესს, რა დროსაც ნეგატიურ ამბებს დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში „ვსქროლავთ“, „დუმსქროლინგს“ უწოდებენ. ეს არის ნეგატიური ამბების კითხვაში გატარებული გადაჭარბებული დრო, რაც ჩვენი გონებისთვის საზიანოა.

მათი თქმით, ნეგატიურ ამბებს შეუძლიათ შფოთვა და დეპრესია გამოიწვიონ. ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ უფრო მეტად გამოფიტულები, სევდიანები და დაღლილები არიან.

ექსპერტების თქმით, „დუმსქროლინგმა“ შეიძლება, დააზიანოს როგორც ჩვენი მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა.

როგორ დავამარცხოთ "დუმსქროლიგნი"?

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელთა მეშვეობითაც "დუმსქროლიგნის" დამარცხება შეგვიძლია:

  • შეზღუდეთ ეკრანის წინ გატარებული დრო;
  • ნაკლებად გამოიყენეთ სოციალური მედიები;
  • ნუ გამოიწერთ იმ გვერდებს, რომლებიც ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ;
  • მეტი დრო გაატარეთ ადამიანებთან და ბუნებაში.
ბექა ბერიაშვილი