კვერცხი და ფრინველის ხორცი კიდევ გაძვირდება - ,, შეუძლებელია ფასების შენარჩუნება“

მწარმოებლები, მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, კვერცხისა და ფრინველის ხორცის გაძვირებას პროგნოზირებენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ომის პარალელურად ყველა ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა.

"საერთოდ არ მინდა პანიკური განცხადების გაკეთება, მაგრამ თუ რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო, მოხდა. გაძვირდა: ხორბალი, ზეთი, სიმინდი, შროტეულიც. შეიზღუდა რუსეთიდან გამოტანა. რაც ვიყიდეთ, ლარსზე მეტეოროლოგიური პირობების გამო გაიჭედა. საწვავის გაძვირებამ ტრანსპორტირება გააძვირა. მოკლედ, ყველა ნეგატიური ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა.

პანიკურმა სიტუაციამ რუსულ ბაზარზე ფასები გაზარდა. რუსული ბაზრიდან ზეთის ექსპორტს დიდად არ ახალისებენ და შესაბამისად ზრდიან მცურავ საბაჟო გადასახადსაც. შროტეული მზესუმზირის და სოიოს ჩვენთვის ერთ-ერთი საკვები კომპონენტია, რომელიც არგენტინიდან შემოდიოდა და იქ ძალიან ცუდი მოსავლის გამო არგენტინამ ექსპორტი აკრძალა. ამან კი, ფასების მატება გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე. ამას პლიუს ტრანსპორტირება თუ 1 000 დოლარი გვიჯდებოდა, ახლა 1 500 დოლარი გვიჯდება. ამასთან, შეგვექმნა ფულის გადარიცხვის პრობლემაც. ყველაფრის გამო, არაერთი მეწარმე, დროებით შეჩერებას ფიქრობს. ორი ქვეყანა იყო, საიდანაც საკვებ კომპონენტებს ვიღებდით, უკრაინა და რუსეთი. იქ, მოგეხსენებათ რაც ხდება.

რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ფასების შენარჩუნება. თვითღირებულება მინიმუმ 30-35%-ით გაგვეზრდება. ფაქტია, ყველა ვხედავთ რაც ხდება. კომპონენტების უმეტესობით, გვინდა თუ არა, ჩრდილოელ დათვზე ვართ მიბმული. ამიტომ ვერ ვართ კარგ დღეში. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. უნდა მოხდეს რეაგირება, თორემ დღითი დღე გაძნელდება. ეს არ არის ორდინალური სიტუაცია, ფაქტობრივად, ფორსმაჟორია. დროა, სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს“- ამბობს უჩუმბეგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი