გიორგი კვირიკაშვილი: "ქართული ფილმის" ქონების გასხვისება არ იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კინოსტუდია "ქართული ფილმის" ქონების გასხვისება არ იგეგმება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის საპასუხოდ განაცხადა. "ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან გასაკვირია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობ, რომ რაღაცნაირად კონსოლიდაცია მოხდეს. საქართველოს კინემატოგრფისტთა ერთიანობა დაფიქსირდეს და ჩვენი თანამშრომლობა ერთიანი მიდგომით მოვახდინოთ. არანაირი გასხვისება არ იგეგმება კინოსტუდია "ქართული ფილმის" ქონების. უფრო მეტიც, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვძებნოთ მექანიზმი, თუ როგორ მოვახდინოთ ერთობლივად ამ საკითხის მართვა. მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს კინემატოგრაფისტები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ, შეიმუშავებენ და წარმოადგენენ ერთიან კონცეფციას, რომ ჩვენ ეს საკითხი დავძრათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კინემატოგრაფისტებს არავინ ებრძვის. "მე მგონი, ეს ცალკეული ადამიანების მიერ წაქეზებული პროცესია. სამწუხაროდ, ამ საკითხთან მიმართებაში თვითონ კინემატოგრაფისტთა საზოგადოებაში ერთობა და ერთიანი ხედვა არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. კითხვაზე, როდის გამოცხადდება კონკურსი მართვის საკითხთან დაკავშირებით და რა პრინციპით მოხდება იმ ადამიანების შერჩევა, ვისაც კინოსტუდია მართვაში გადაეცემა, მინისტრის თქმით, კონკურსი, შერჩევის კრიტერიუმები და მთლიანად პროცესი კინოს სფეროში მოღვაწეთა უშუალო მონაწილეობით წარიმართება.

კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბუბა ხოტივარის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ქართულ კინოს ანგრევს. "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბუბა ხოტივარმა, ელდარ შენგელაიამ, მერაბ კოკოჩაშვილმა, ოთარ ლითანიშვილმა, საშა რეხვიაშვილმა, მიშა კობახიძემ, ბაადურ წულაძემ და კინომცოდნე მარინა კერესელიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ "ქართული ფილმის" გასხვისების საშიშროებაზე ისაუბრეს.