უცხოელი ინვესტორები საქართველოს ტოვებენ

უცხოელი ინვესტორები, ბინადრობის ნებართვაზე უარის გამო, საქართველოს დატოვებას გეგმავენ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, მათ რამდენიმე ათეულმა უცხოელმა ინვესტორმა მიმართა იმის გამო, რომ ვერ მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი გიგი ჩიხლაძე აღნიშნავს, საუბარია ერაყიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ინვესტორებზე, რომლებსაც საქართველოში აქვთ სასტუმროების, ტურისტული ბიზნესი, მცირე კოტეჯები... ბიზნესმენები აცხადებენ, რომ მათ მსგავსად, სხვებსაც შეექმნათ პრობლემა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.

”როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს, ყველა მათგანს უარი უთხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების საბაბით და კანონის 21-ე მუხლის, ა და გ ქვეპუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქოს ეს ადამიანები წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოსთვის. საფრთხე კი გამოიხატება იმაში, რომ შესაძლოა ისინი არიან შემჩნეული ან საერთაშორისო ტერორისტთა კავშირში, ან კავშირი აქვთ ტრეფიკინგთან, საერთაშორისო იარაღით ვაჭრობასთან ან ატომური ნარჩენების არასწორ გადაზიდვასთან და ა.შ. რეალურად კი, ეს ადამიანები საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია მათთვის ბინადრობაზე უარის თქმის მიზეზი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ უარი უთხრეს ბინადრობის ნებართვის მიღებაზე მაშინ, როცა მათ კომპანიაში დასაქმებულ, იმავე ქვეყნებიდან ჩამოყვანილ მოქალაქეებს ეს ნებართვა მისცეს”, -აღნიშნავს გიგი ჩიხლაძე.

აღსანიშნავია, რომ როცა უცხოელს სწორედ ამ მიზეზით ეუბნებიან უარს ბინადრობაზე, მას არ განუმარტავენ უარის თქმის საფუძველს. ეს არის უშიშროების დასკვნა და მათ უბრალოდ უცხადებენ, რომ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. ამის შემდეგ უცხოელს გარკვეული ვადა აქვს იმისთვის, რომ საქართველო დატოვოს. თუმცა, მათ აქვთ ბინადრობაზე უარის მიღების გასაჩივრების უფლება. გიგი ჩიხლაძის ინფორმაციით, ზოგ უცხოელს მიაჩნია, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ სცოდნოდათ, მსგავსი პრობლემები შეექმნებოდათ საქართველოში, არასოდეს დაიწყებდნენ აქ ბიზნესს.

უცხოელი ბიზნესმენების ინეტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტული ინვესტორების ვინაობას გიგი ჩიხლაძე არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საჭირო დოკუმენტაციას აგროვებს და საქმეების სრულყოფილი ინფორმაციაც გასაჯაროვდება.

თამარ კორკოტაშვილი