ირაკლი აბესაძე მერიაში სისტემური კორუფციის ფაქტებზე საუბრობს

თბილისის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიის მიერ კომპანიებთან - ,,დაგი", ,,ცეკური", გაფორმებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პროკურატურაში გადააგზავნის.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ირაკლი აბესაძემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიაში სისტემური კორუფციის ფაქტების შესახებ ისაუბრა. "საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიამ და ,,ქართულმა ოცნებამ" უკვე შეძლეს თბილისის მერიაში მრავალი საეჭვო, კორუფციული გარიგების გაფორმება, რაც ზოგადად სახელმწიფოში არსებული ტენდენციის პირდაპირი გაგრძელებაა. ამ მხრივ გამოსაყოფია საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა, რისი პირდაპირი შედეგიცაა თბილისის დანგრეული გზები და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიაში ტრადიციად იქცა ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც თბილისის ბიუჯეტიდან ასეულობით ათასი ლარი ზედმეტად იფლანგება. ხელშეკრულებები კი ფორმდება ფირმებთან, რომლებსაც ასფალტის სამუშაოების წარმოების გამოცდილება არ გააჩნიათ.

აბესაძემ საუბრისას მაგალითად მოიყვანა შპს ,,დაგი", რომელთანაც აბესაძის განცხადებით, პირადად დავით ნარმანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 14 ნოემბრს გაფორმდა 1 800 000-მდე ლარის ჯამური ღირებულების სამი ხელშეკრულება, საიდანაც 900 000 ლარამდე კომპანიამ ავანსად მიიღო. "ხელშეკრულებები ასევე პირდაპირ ფორმდება ,,ქართული ოცნების" თანამდებობის პირების კომპანიებთან: მაგალითად, შპს ,,ცეკური", რომლის მფლობელი უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანია. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე 14 და 19 ნოემბერს გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო, 1 071 000 ლარი. ცალსახაა, რომ ორივე კომპანიასთან მიმართებაში არსებობს ,,ქართული ოცნების" თანამდებობის პირების და დავით ნარმანიას პირადი ინტერესები. ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკებით სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს არ უნდა აღემატებოდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შვიდივე ხელშეკრულება გაფორმდა 14 და 19 ნოემბერს, ფრაქციამ 2 თვეზე მეტი ლოდინის შემდეგ, 27 იანვარს თბილისის მერიიდან მიიღო წერილი, სადაც საუბარია, რომ სამუშაოების უმრავლესობა ჯერ დასრულებული არ არის. რამდენიმე ქუჩაზე კი (მაგ: ლეონიძის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირის #53-ის მიმდებარედ და სხვა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. "ნათელია, რომ უკვე განვლილი თითქმის სამი თვის განმავლობაში ტენდერის ჩატარება მოესწრებოდა მინიმუმ ორჯერ მაინც და ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი დაუსრულებელი და ჯერ არდაწყებული სამუშაოები, ნათელი ინდიკატორია, რომ ამ ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკებით, თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, არის ,,სახელმწიფო შესყიდვების კანონის" უხეში დარღვევა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი კორფუციული მადის დაკმაყოფილებაა. ამით კი ხდება ამავე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რომლის თანახმად, მერია ვალდებულია უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა და ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარება", - დასძინა აბესაძემ.

მისივე თქმით, ყოველივე აღნიშნულის შედეგად იფლაგება საბიუჯეტო სახსრები, არ სრულდება სამუშაოები, შესრულებული სამუშაოები კი უხარისხოა.  აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანიებთან ,,დაგი" და ,,ცეკური" გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ან/და მითვისების ფაქტებზე და მერიის თანამდებობის პირებთან შესაძლო კორუფციული გარიგებებზე რეაგირების მიზნით საქართველოს პროკურატურაში გადააგზავნის.