რუსებს ალკოჰოლური სასმელი ელევათ და „მეგობარი ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს იმედი აქვთ

თებერვლის ბოლო პერიოდის მონაცემებით, რუსეთის დისტრიბუტორთა ქსელში არსებულ მოცულობაში იმპორტირებული ღვინის წლიური ბრუნვის, დაახლოებით, 15% არის დარჩენილი. მონაცემები WineRetail-ის ანგარიშში არის ასახული, რასაც „კომერსანტი“ ავრცელებს.

სექტორის კიდევ ერთი კვლევითი კომპანია NielsenIQ-ის მონაცემებით, რუსეთში ალკოჰოლი იმ საქონლის სიაში შედის, რაზეც არსებული კრიზისის დროს დიდი მოთხოვნაა. 21 თებერვლიდან 13 მარტამდე მაღაზიებში ნაღდი ფულით ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა.

ამასთან, რუბლის გაუფასურებამ და ლოგისტიკურმა პრობლემებმა რუსეთში ალკოჰოლის იმპორტი, წინა წელთან შედარებით, შესაძლოა, დაახლოებით 40%-ით, შეამციროს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ალკოჰოლური კომპანია Ladoga-ს განვითარების დირექტორმა, დიმიტრი ისაჩენკოვმა განუცხადა.

თებერვლის ბოლო-მარტის დასაწყისში, რუბლის დაცემის შემდეგ, იმპორტიორებმა რამდენიმე დღით გაყიდვები შეაჩერეს, რის შედეგადაც იმპორტირებულ ალკოჰოლზე მიმწოდებლების ფასები 15%-დან 100%-მდე დიაპაზონში გაიზარდა. არაერთმა გლობალურმა კომპანიამ რუსეთში მიწოდება შეაჩერა. მათ შორის არის Pernod Ricard, თავისი ბრენდებით, Chivas Regal, Jameson, Absolut და Ararat; ასევე, კომპანია Diageo, ბრენდებით, Johnnie Walker, Captain Morgan და Baileys. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთში ალკოჰოლის შეტანა აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა ეს ზომა 300 ევროზე ძვირ ალკოჰოლურ სასმელზე შემოიღო.

WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე სტავცევის შეფასებით, რუსეთმა კრიზისულ ვითარებაში იმპორტის ზოგიერთი პოზიცია უნდა ჩაანაცვლოს და მაგალითად, იმპორტირებული ღვინის წილი სამხრეთ ამერიკიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან უნდა გაზარდოს.

ამასთან, კომპანია Ladoga იმპორტის ახალ მარშრუტებს „მეგობრული ქვეყნების“ გავლით განიხილავს და ანგარიშსწორებას მიმწოდებელთა ვალუტაში პირდაპირი კონვერტაციის გზით ვარაუდობს.

დიმიტრი ისაჩენკოვი ამბობს, რომ დღევანდელი კრიზისი 2014 წლის კრიზისის შედეგების იდენტურია. 2008 და 2014 წლების კრიზისებმა იმპორტირებული ალკოჰოლის, პირველ რიგში, ღვინის ბაზრის 40%-ით „შეკუმშვა“ გამოიწვია.

მოთხოვნის 40%-იანი ვარდნა კონსერვატიული შეფასებაა, აღნიშნავს ის. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის შედეგების მიხედვით, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი რუსეთის ფედერაციაში 19,73%-ით გაიზარდა და 8,2 მლნ დეკალიტრი შეადგინა. უძრავი ღვინოების იმპორტი წლის განმავლობაში 6,6%-ით გაიზარდა და 30,08 მლნ დეკალიტრი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ