Credit Suisse-მ დავა წააგო და ბიძინა ივანიშვილს 500 მლნ დოლარზე მეტს გადაუხდის

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც შვეიცარული ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხის დაბრუნებას შეეხებოდა. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

გუშინ, საღამოს Credit Suisse-მ გაავრცელა განცხადება, რომ როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას მისი ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ, ბანკი შესაძლოა, იძულებული გახდეს, 500 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადოს.

FT-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. თუმცა ინფორმირებულმა ადამიანებმა FT-ს უკვე დაუდასტურეს, რომ საქმე ივანიშვილის სარჩელს უკავშირდება და სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

„Credit Suisse-მა ამ საქმეზე რეზერვები ადრე გამოყო და აპირებს, არსებული ყველანაირი სამართლებრივი ქმედება განახორციელოს,“ - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

იანვარში ბანკი აცხადებდა, რომ სასამართლო დავის დასაფარად 2021 წლის მეოთხე კვარტალში 469 მლნ დოლარის რეზერვი აიღო.

„ჩვენ განვიხილავთ, დაგვჭირდება თუ არა დამატებითი რეზერვი პირველი კვარტლის შედეგების ფარგლებში, რაც 2022 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდება,“ - ნათქვმაია გუშინდელ განცხადებაში.

ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავა 2011 წლიდან დაიწყო, როცა ის ბანკის კერძო კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გამჟღავნდა დეტალები, რომ Credit Suisse-ის კერძო ბანკირი, პატრის ლესკოდრონი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შვეიცარული ბანკის გამორჩეულ ანგარიშებს, მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშებს ძარცვავდა.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში, Credit Suisse-ის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი შეიტანა, ასევე, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა.

Credit Suisse დიდი ხანია, ამტკიცებდა, რომ პატრის ლესკოდრონი მეტად წარმატებული თაღლითი ოპერატორი იყო, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ ზემდგომებისა და კოლეგებისგან თავისი უკანონო საქმიანობა დაემალა. სასამართლომ ლესკოდრონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ბანკი დაზარალებულად ცნო.

პატრიკ ლესკოდრონი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 2018 წელს გაასამართლეს, ხოლო 2020 წელს, ვადამდე გათავისუფლების შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ