ფოთში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქალაქ ფოთში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ვლადიმერ ლაზარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

ფოთში, 4 ახალი რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი შენდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფოთში მცხოვრები 45000-ზე მეტი ადამიანი 18-20 საათიანი გრაფიკის ნაცვლად, მაღალი ხარისხის სასმელ წყალს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.