რომან გოცირიძე: ლარში გაცემული სესხების პროცენტის კორექტირება ბანკების კეთილ ნებაზეც არის დამოკიდებული

ლარში გაცემული სესხების პროცენტის კორექტირება ავტომატურად არ ხდება და ბანკების კეთილ ნებაზეც არის დამოკიდებული.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აისახება თუ არა ლარში გაცემულ სესხებზე რეფინანსირების განაკვეთის 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. "რაც შეეხება ლარში გაცემული სესხების პროცენტის კორექტირებას, ეს ავტომატურად არ ხდება და ბანკების კეთილ ნებაზეცაა დამოკიდებული. ეს თანხობრივად არც თუ ისე დიდია ბანკებისათვის და საკმაოდ მტკივნეულია მოქალაქეებისათვის. ბანკებმა უნდა გაითვალისწინონ ისედაც დიდი ზიანი, რაც მიადგა ადამიანებს და ამ ნახევარ პროცენტს არ უნდა გამოეკიდონ", - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვვეტილებას, რომან გოცირიძე სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. "ისიც სწორია, რომ ინტერვენციები განახორციელა რეფინანსირების განაკვეთის მომატების პარალელურად. ინტერვენციების ეფექტი უმნიშვნელო იქნებოდა, რომ არა ლარის კურსის მერყეობა ახალი წონასწორობის ნიშნულის სიახლოვეს. შემდეგი ნაბიჯები მთავრობაზეა. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილიზაცია, და არა გაცვლის კურსის კონტროლი, ვინაიდან გაჩნდა ფასების ზრდის რეალური საფრთხე, ამით არის განპირობებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეკონომიკაში წარმოქმნილ დისბალანსს, უცხოური ვალუტის შემოდინების კლებას და ბიუჯეტის დეფიციტით წარმოქმნილ პრობლემებს ეროვნული ბანკი ვერ მოაგვარებს", - განაცხადა გოცირიძემ.

"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეკვეცოს ბიუჯეტის ხარჯები დაახლოებით, 400 მილიონი ლარის ფარგლებში, რათა ნოემბერ-დეკემბერში პროცესები არ წარიმართოს იმ სცენარით, როგორც შარშან და შარშანწინ მოხდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.