ლევან კალანდაძე: გაყიდული 40 მლნ და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე საკმარისია, რომ ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდეს

გაყიდული 40 მილიონი და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდეს და მოსალოდნელი ინფლაციური რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ეროვნულ ბანკს წინა კვირაში ჰქონდა დაანონსებული, რომ მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, მოხდა გამკაცრების დაწყება. 0,5%-ით შეიცვალა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს არ არის სერიოზული გამკაცრება, ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი დააკვირდეს პროცესებს და კარგად შეაფასოს ლართან დაკავშირებულ პრობლემები. თუ მონეტარული განაკვეთის 0,5%-იანი ცვლილება საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ლარის ვარდნის პროცესი შეჩერდეს, სავალუტო ინტერვენციების პარალელურად, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის განმავლობაში 4,5% განაკვეთი დარჩება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. ანუ გამკაცრების ეს მასშტაბი და ეს დოზა თუ არ აღმოჩნდა საგრძნობი, უნდა ველოდოთ, რომ 2015 წლის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ დაკორექტირდება საპროცენტო განაკვეთი და სავარაუდოდ შესაძლებელია ეს იყოს 5%. გაყიდული 40 მილიონი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდეს და მოსალოდნელი ინფლაციური რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”,- აცხადებს კალანდაძე.

მისი თქმით, საზოგადოებას მოლოდინი არ უნდა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ღონისძიებები საკმარისია და ეროვნული ბანკის ეს ორი ინსტრუმენტი გახდება საფუძველი ლარის გასამყარებლად. "ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოს ლარის ვარდნის შეჩერება. თავად ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ანუ ეკონომიკური სიტუაციების გაჯანსაღება, ეს უკვე დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივობაზე. რამდენად შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს და გაატარებს და რამდენად კოორდინირებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების და ეროვნული ბანკის საქმიანობა", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს შეუძლია შეაჩეროს ლარის ვარდნა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი იქნება ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოყალიბებული და რამდენად აქტიური იქნება ხელისუფლება ამ პროცესების მართვაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.