გიორგი ქადაგიძე: ფუნდამენტურად პრობლემის გადაჭრა ეკონომიკური ზრდის გარეშე შეუძლებელია

რეცეპტი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ერთადერთი – მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი და მეტი ტურისტი, სხვა რეცეპტი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია კურსის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შერბილებისკენ, ხოლო ფუნდამენტურად ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე. ამასთან, ქადაგიძე ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ბალანსის გაუარესებულ მაჩვენებელს უკავშირებს. "სავალუტო შემოდინებების შემცირებამ გააუარესა ჩვენი საგარეო ბალანსი როგორც ვაჭრობის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამან ასახვა ჰპოვა ლარის კურსზე და იგი გაუფასურების მიმართულებით მოძრაობს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეროვნული ბანკის ამოცანაა, არ დავუშვათ ლარის გაუფასურების შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს ამოცანა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ გაუფასურების ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვექნება ძლიერი და ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, გიორგი ქადაგიძის თქმით, მას არ სურს მოვლენებს გაუსწროს და ამაზე მთავრობის წევრებმა გააკეთეს განცხადებები. "ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, რა თქმა უნდა არის მიმართული შერბილებისკენ, მაგრამ ფუნდამენტურად იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება და ყველა კომპლექსური ღონისძიება უნდა იყოს მიმართული სავალუტო შემოდინებების ნაკადების ზრდისთვის. ჩვენი ეკონომიკისა და ექსპორტის, ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდის გარეშე ეს შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კითხვაზე, თუ მთავრობამ დეფიციტური ზრდა გააგრძელა, ექნება თუ არა აზრი ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, ქადაგიძე პასუხობს, რომ მათ კოორდინირებული პოლიტიკა ექნებათ. "შეუძლებელია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთი მიმართულებით მიდიოდეს და ფისკალური – მეორე მიმართულებით, ასეთი რამ არც ხდება და არც მოხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არ არის მარტივი და საჭიროებს როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან და გრძელვადიან ძალიან აქტიურ ქმედებებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.