"ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია "საკმაოდ დამაიმედებელია".

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს, რაც, მინისტრის ვარაუდით, შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. "ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვქონდა იმ ზომების ერთობლივი განხილვა, რაც გასატარებელია იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი დაბალანსდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტის წახალისება, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა ზომებიც, რომელსაც ვახორციელებთ და კონკრეტული პროექტების მიმართულებით ვმუშაობთ კონკრეტულ რეჟიმში. წლის დასაწყისი ნამდვილად რთული პერიოდია და, გამომდინარე საქართველოს გარშემო ქვეყნებში არსებული რთული ვითარებიდან, ჩვენი ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, კონკრეტული პროექტების დამატებაზეც მუშაობს. "ჩვენ ვამატებთ კონკრეტულ პროექტებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს, მთელი რიგი ღონისძიება დაგეგმილი და ვმოქმედებთ შეთანხმებულ რეჟიმში. გამომდინარე აქედან, ჩვენს მიერ გატარებულ ზომებს ექნება კონკრეტული ეფექტები და ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.