გიორგი კვირიკაშვილი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ადეკვატურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა შექმნილ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებაა.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში იყო. "მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს მონეტარული პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტები გამოიყენოს. ეროვნული ბანკი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა სავალუტო ბაზარზე და გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილებები. ჩვენ წინასწარ გვქონდა განხილვა და ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ამის შეფასება ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი კუთხით ვერ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მას გააჩნია კონკრეტულად ეს ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რომ რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ცვლილება მოხდა, ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯია ამ სიტუაციაში. ამან გარკვეულწილად დაასტაბილურა სავალუტო ბაზარი. ეს აისახა კიდეც გაცვლით კურსში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.