გაზს მხოლოდ ”ყაზტრანსგაზი” აძვირებს

”სოკარმა” გადაწყვეტილება შეცვალა და მარტიდან ისევ ძველი ფასი დარჩება

”სოკარის” იურიდიულ აბონენტებს გაზი აღარ გაუძვირდებათ. ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ შეუცვლია. თბოსადგურების მფლობელებიც თავს იკავებენ და ეროვნული ვალუტის კურსს აკვირდებიან.

რატომ გადაიფიქრა ”სოკარმა” გაზის გაძვირება, ამ კითხვით ”რეზონანსმა” კომპანიას მიმართა. ”სოკარ ენერჯი ჯორჯიანს” გენერალური დირექტორის, მაიარ მამედოვის განცხადებით, ფასის ზრდა ”სოკარის” გეგმებში ისედაც არ შედიოდა. ”სოკარი” არასდროს გამოსულა გაზის გაძვირების ინიციატივით, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სადისტრიბუციო კომპანიებზე დარტყმა ლარის კურსის ვარდნის გამო კომპენსირებული იქნება თავად ამ კომპანიების მიერ. ჩვენ, პრინციპში, სხვა გამოსავალს ვერც ვხედავთ. რაც შეეხება მარტიდან ტარიფის მატების საკითხს, ეს არ მოხდება. ჩვენი კომპანია ამას ისედაც არ გეგმავდა”, - განაცხადა მამედოვმა.

გამოდის, რომ გაზის გაძვირების ინიციატორი ”ყაზტრანსგაზ-თბილისია”. ისედაც ვალებში ჩაფლულ კომპანიას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაზი გაუძვირდა და შემოსავალი შეუმცირდა. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირების გაზის გაძვირების შესახებ ინფორმაცია პირველმა, სწორედ ”ყაზტრანსგაზმა” მიაწოდა. მეორე დღეს მას მხარი აუბა ”სოკარმა”. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პერმანენტულად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ სწრაფად გაძვირდებოდა სამომხმარებლო პროდუქტი, განსაკუთრებით პური. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ისედაც მძიმე სოციალური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდებოდა.

ხალხის უკმაყოფილებით შეშფოთებული მთავრობა იძულებული გახდა სრულიად არაადეკვატური განცხადება გაეკეთებინა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე გაზის მომწოდებელ აზერბაიჯანულ ”სოკართან” შეთანხმებას მოახერხებდა და ამ ეტაპზე მაინც, საქართველოში გაზის გაძვირება თავიდან იქნებოდა აცილებული. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებს, გიორგი კვირიკაშვილსა და კახა კალაძეს, მისი სახელით, ”სოკართან” მოლაპარაკების უსწრაფესად გამართვა დაავალა.

”ჩვენ უშუალოდ ”სოკარის” წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი მზად არიან ამ თემაზე მოსალაპარაკებლად. მინდა ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანსაც, რომ მოხდეს საკითხის გადავადება, პროცესის გადაწევა. მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზა თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სინამდვილეში გაზის მოწოდების ტარიფი არ გაზრდილა, ანუ აზერბაიჯანს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საფასური არ შეუცვლია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაზი სადისტრიბუციო კომპანიებს გაუძვირდათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ”სოკარი” ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ფასის მატების ინიციატორი არ ყოფილა, ეს მის გეგმაში არც შედიოდა და თუკი მთავრობისთვის აღნიშნული საკითხი მტკივნეულია, გაზს არ გააძვირებს.

ჯერჯერობით ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია ”ყაზტრანსგაზ-თბილისს”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა სარია ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ 1-ლი მარტიდან იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების საკითხი ისევ ძალაში რჩება, მათ შორის პურის საცხობებისთვისაც. შესაბამისად, მე-4 პურის ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ თუკი ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მათ პურის ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ. უკვე გაძვირდა ფქვილი, უფრო ადრე კი სხვა სახის კომუნალური გადასახადები.

”ჩემს პურზე ვიანგარიშე და 10 თეთრი ემატება. ყველას მოემატება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ყველას მაგიერ. გააჩნია, ვის როგორი ღუმელი აქვს. საერთოდ, ეს არ არის კარგი პროცესი. ჩვენ, მეწარმეები, ველოდებოდით, რომ ფასი დაეწიათ და პირიქით, აწიეს. რომ აცხადებენ, ქართველი მეწარმეების სამეწარმეო გარემო უმჯობესდებაო, ეს არის გაუმჯობესება?”, - კითხულობს მალხაზ დოლიძე. მისი ინფორმაციით, მაშინ, როდესაც მთავრობა ტარიფების ოპტიმიზაციის პირობას დებდა, ”ჩუმ-ჩუმად” ფასი გაიზარდა - დასუფთავების, წყლის და ახლა გაზის.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”