ყაზახური ნავთობის რუსული მარშურტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს

უკრაინის ომმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, რაც ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით, 14%-ს, ხოლო ექსპორტის 57%-ს შეადგენს. Eurasianet-ის ცნობით, ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს.

ამჟამად ყაზახეთიდან ნავთობის ძირითადი ნაწილის ექსპორტი ხორციელდება მილსადენით, რომელიც ყაზახეთის დასავლეთით მდებარე საბადოდან რუსეთის სამხრეთით, შავ ზღვაში ნოვოროსიის ნავთობტერმინალამდე გადის. კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკუთრებაში არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში, დაახლოებით, 60 მილიონი ტონაა.

ნოვოროსიის პორტი უკრაინის პორტ მარიუპოლიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიზეზით ნავთობის ტანკერებს აქვთ „ომის რისკის დაზღვევის პრემია,“ რაც, აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო S&P Global Platts-ის ცნობით, საკმაოდ მაღალია. ეს მყიდველებისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

Platts-ის მონაცემებით, ტვირთის გადამზიდველები ნოვოროსიიდან ტანკერებით ნავთობის გადატანაზე წინასწარ შეკვეთებს აუქმებენ. ტერმინალიდან ექსპორტირებული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის უკრაინის პორტი ოდესა, საიდანაც ის ევროპის მილსადენების ქსელში შედის. იმის გამო, რომ რუსეთი ოდესას ბომბავს და მისი აგრესიის სამიზნეა, ეს მარშრუტი პრაქტიკულად, დაკეტილია.

ამდენად, ყაზახეთისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შესაძლოა, ალტერნატიული მარშრუტი გახდეს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვამდე გადის.

ამ მარშრუტის მაქსიმალური ტევადობა წელიწადში 50 მილიონი ტონაა, რომელიც კასპიის ზღვის გავლით ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა CPC-ის მილსადენთან შედარებით, ის ლოჯისტიკურად შედარებით რთული და შესაბამისად, უფრო ძვირია. მიუხედავად ამისა, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენში ყაზახური ნავთობის ადგილი არის.

საქმე ისაა, რომ 2021 წლის იანვრიდან ანკარამ ტრანზიტის საფასური 0,55 დოლარიდან ბარელზე 1,50-2,00 დოლარამდე გაზარდა. პოსკოვიდურ პერიოდში ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, შარშან ამ ხაზით გადაქაჩული ნავთობის მოცულობა, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით, 22%-ით შემცირდა.

თურქეთის სახელმწიფო მილსადენის ოპერატორ Botaş-ის მონაცემებით, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქულ მონაკვეთს მართავს, გასულ წელს ნავთობის მოცულობა მილსადენის სიმძლავრის მხოლოდ 55% შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისმძლავრის 22,5 მილიონი ტონა გამოუყენებელი დარჩა. ეს მოცულობა სავსებით აკმაყოფილებს ყაზახეთის ექსპორტის უმეტეს ნაწილს, რაც ამჟამად ნოვოროსიისში იგზავნება.

კასპიის მილსადენით ყაზახეთის გიგანტურ თენგიზის საბადოს ოპერირებას ამერიკული Chevron უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასმა 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, უკრაინის ომის შედეგად ყაზახეთის ნავთობის ფასი დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ