დაუბრუნდება თუ არა ლარი ძველ ნიშნულს?

”ჩვენ ახლა ხანგრძლივი სტაბილურობა გვჭირდება და ამას უნდა მივაღწიოთ”

ბოლო თვეებში ლარის პერმანენტულმა გაუფასურებამ დიდი დაბნეულობა შეიტანა ქართულ საზოგადოებაში. აშშ დოლარის გაძლიერება, არახელსაყრელი საშინაო, თუ საგარეო პირობები, დოლარიზაციის მაღალი დონე... - ეკონომისტები ლარის კურსის დაცემას ძირითადად ამ მიზეზებით ხსნიდნენ და ეროვნული ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდნენ. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჯერ კიდევ 30 იანვარს განაცხადა, ხოლო 11 თებერვალს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა და ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. ამავე დროს, სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილებები კი, დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ლარის კურსის ვარდნა მართლაც შეჩერდება: ”ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ლარის კურსიც დასტაბილურდება, თუმცა ეს მოკლევადიანი ბერკეტია. გრძელვადიანი პერიოდისათვის ეს სახარბიელო მოვლენა არ არის იმიტომ, რომ ფულის მიმოქცევიდან ამოღება მაინც და მაინც კარგი არ არის ეკონომიკისათვის. ეროვნული ბანკის შესაბამისი კომიტეტი პერიოდულად იკრიბება და ის მომავალში ან შეარბილებს პოლიტიკას, ან გაამკაცრებს, ეს მისი პრეროგატივაა. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებულად მიიღეს, მაგრამ რამდენად კოორდინირებულად მოქმედებენ მთავრობა და ეროვნული ბანკი, ეს ჯერჯერობით არ ჩანს. ამის თქმის საფუძველს იძლევა ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ საეჭვოა გადახედონ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მე, მაგალითად, საეჭვოდ მიმაჩნია, რომ 2015 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას მივაღწიოთ”.

გერლიანის შეფასებით, ლარის გამყარების მიზნით სხვა, უფრო მძლავრი ბერკეტების გამოყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ნაბიჯიც გამართლებულია: ”ახლა მთავარია კურსის მყისიერი დაცემის ტენდენცია შეჩერდეს და ეროვნული ვალუტა სტაბილურობის ფაზაში გადავიდეს. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებაც ლარზე დადებითად იმოქმედებს. მართალია, ფულის მასა შემცირდება და ეს ეკონომიკისათვის არ არის კარგი, მაგრამ ალბათ თუ საჭიროდ მიიჩნევენ, სხვა ბერკეტებსაც გამოიყენებენ. ლაპარაკია ლარის სტაბილურ ნიშნულზე და არა - გამყარებაზე. მცირედი ცვლილება კი, ლარისა და დოლარის მიმართებას ისედაც ახლავს. როგორც წესი, ლარის კურსის ვარდნა აზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და აძვირებს მათ ცხოვრებას, ამიტომ, სხვაგვარი გადაწყვეტილება წარმოუდგენელი იყო”.

ამ თვალსაზრისს იზიარებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი: ”ეროვნულმა ბანკმა მიმართა პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას რეფინანსირების სესხებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფულის მასის მიწოდება შემცირდება, რაც თავისთავად ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს. ამ თვეების განმავლობაში ლარი თანდათან უფასურდებოდა, რაც ნეგატიურად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ეს ბერკეტი გამოეყენებინა. დღესდღეობით, ძირითადი პრობლემა ლარის კურსის დაცემაა და როდესაც კურსი სტაბილური გახდება, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმაც შეცვალოს თავისი პოლიტიკა”.

დაუბრუნდება თუ არა ლარი ძველ ნიშნულს? - თოქმაჯიშვილის შეფასებით, ახლო მომავალში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია: ”ის, რომ ლარი გამყარდება და უახლოეს მომავალში ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ყოვლად წარმოუდგენელია. ამისათვის არ არსებობს არანაირი პირობა და შესაბამისად, ასეთი მოლოდინი არც შეიძლება არსებობდეს. ამ ეტაპზე, იმის გადაჭრით თქმაც კი ძნელია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი ერთ წერტილზე გაჩერდება და ჩამოყალიბდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელში, როგორ გაიზრდება, ან შემცირდება ტრანსფერების რაოდენობა - მოკლედ, ეს დაკავშირებულია საერთოდ, მთელი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე. გამომდინარე აქედან იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში, ძალიან ძნელია. ახლა მთავარია, ლარის კურსი ერთ ნიშნულზე გაჩერდეს, რაც სავარაუდოდ, მიიღწევა. რომ ვიცოდეთ, რამდენი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მაშინ შესაძლებელია ითქვას, რამდენად გამყარდება ლარი, ახლა კი, არა მგონია ამაზე ვინმემ პასუხის გაცემა შეძლოს. მსოფლიოშიც იმდენად გაურკვეველი და მოულოდნელი მოვლენები ხდება, რომ დღეს რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია. ძალზე მნიშვნელოვანია, რა მოხდება უკრაინის, ან რუსეთის ბაზრებზე, რომლებიც ჩვენთვის ძალიან შემცირდა, ან რამდენად შევძლებთ უცხოურ ბაზრებზე დივერსიფიცირებას. ამიტომ, უნდა დაველოდოთ როგორ ჩამოყალიბდება ვალუტა და რამდენად სტაბილური გახდება საქართველოს ეკონომიკა”.

ექსპერტის აზრით, წინანდელ ნიშნულს ლარი ახლო მომავალში ვერ დაუბრუნდება, მაგრამ რომელიღაც პუნქტზე რომ გაჩერდეს, მოსახლეობისათვის ესეც დიდი შეღავათი იქნება: ”ადრე, როდესაც ლარის კურსი უფასურდებოდა, ადამიანები ადაპტაციას ასწრებდნენ, ახლა კი, ეს პროცესი იმდენად სწრაფად წარიმართა, რომ საზოგადოებამ და ბიზნესმა შეგუება ვეღარ მოასწრეს. ამის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლებიც და სამომავლო პერქსპექტივაც. როდესაც ვალუტის კურსი წამდაუწუმ იცვლება და მერყევია, ასეთ დროს საზოგადოება სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებს განიცდის, ამიტომ, ჩვენ დღეს ხანგრძლივი სტაბილიზაცია გვჭირდება და როგორმე ამას უნდა მივაღწიოთ”, - ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე